• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

ბაიარ შაჰინი (გუნდარიძე): ვისურვებდი, საქართველოს მთელს მსოფლიოში უფრო დიდი გულშემატკივრები ჰყავდეს

მომღერალი ბაიარ შაჰინი (გუნდარიძე) ქართველი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი. ბაიარი ისტორიული სამშობლოს - საქართველოს და ქართველების დიდი სიყვარულით გამოირჩევა. მას ძალიან უყვარს ქართული ხალხური სიმღერები, თავადაც  წერს და ასრულებს მათ. ბაიარ შაჰინი მღერის ქართულ, ლაზურ და თურქულ სიმღერებს.

2005 წელს საქართველოში ბაიარ შაჰინის პირველი ალბომი გამოვიდა. მისი სიმღერებიდან ყველაზე ცნობილია: „გელინო“, „ჯინველოი“, „განდაგანა“, „ელია გოგო“.... ის  ახლა საქართველოში ახალი სიმღერის ჩასაწერად იმყოფება.

Presa.ge
გთავაზობთ ინტერვიუს თურქეთის „ქართულ მარგალიტთან“ ბაიარ შაჰინ გუნდარიძესთან:

- საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ. როგორც ვხედავთ, დიდი ემოციური კავშირი გაქვთ თქვენს ისტორიულ სამშობლოსთან. თუ შეიძლება მოგვიყევით, პირველად როგორ გაიგეთ საქართველოს შესახებ და რა დამოკიდებულება გაგიჩნდათ. რამდენად გაამართლა საქართველომ თქვენი მოლოდინები აქ ჩამოსვლის შემდეგ?

- მე ვარ მაჭახელელი, მაჭახელის საზღვარი რომ გაიყო ორად მაშინ, ექვსი სოფელი თურქეთის ტერიტორიაზე დარჩა, 12 სოფელი კი საქართველოს ტერიტორიაზე. იმ ექვსი სოფლიდან ერთ-ერთში დავიბადე თურქეთის მხარეს. იქ სულ ქართველები ცხოვრობდნენ ჩემს ბავშვობაში.სწორედ აქედან ვიცი ქართველები და მათი კულტურა. ბავშვი ვიყავი, როდესაც სტამბოლში წავედი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად, მაგრამ ყოველ წელს დაახლოებით სამჯერ ან ხუთჯერ ჩავდიოდი მაჭახელში.

პირველად საქართველოში ვიყავი 1993 წელს,  კერძოდ,  აჭარაში, 1994 წელს კი - თბილისში. მაშინ ვნახე და ცოცხლად  პირველად მოვუსმინე ანსამბლ "რუსთავს". მაშინდელი შთაბეჭდილება არასოდეს დამავიწყდება. ანსამბლმა სიმღერა „მრავალჟამიერი“ თვითმფრინავში მყოფ დელეგაციას მიუძღვნა,  რომელსაც ერქვა - "თურქეთის ქართველები." მათ შორის ვიყავი მეც. დელეგეციის ჩამოსვლის მიზანი იყო,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  მყოფი ქართველების შეხვედრა.

"მრავალჟამიერის" მოსმენისას მთლიანად დამბურძგლა, ეს იყო გასაოცარი შთაბეჭდილება. რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ გადავწყვიტე საქართველოში სტუმრობა. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ამის შემდეგაც ძალიან ხშირად მიწევდა ჩამოსვლა. მე თურქეთში ქართულ სიმღერებს ვმღერი, დავდივარ სოფელ-სოფელ... საქართველოში ბევრი მეგობარი შევიძინე.  

- რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ დღევანდელ საქართველოში, ქართველებში?

- არ მინდა ჩემი საუბარი პოლიტიკურად შეფასდეს. პოლიტიკისგან ყოველთვის ძალიან შორს ვარ, ასეთია ჩემი ცხოვრება, მაგრამ ის უნდა ითქვას, რომ პოლიტიკა არის ყველა ჩვენგანის ცხოვრება.

გულით მინდა უფრო განვითარდეს საქართველო, ნახულობდნენ ადამიანები სამსახურს, არ იყვნენ გაჭირვებულები, გაუადვილდეთ ცხოვრება.  ყველაზე მეტად ჩვენი კულტურა მომწონს, ფოლკლორი, საქართველოს თავისი ისტორია აქვს.  ცხოვრებაში ბევრი რამ არ მოგვწონს, მეც არ მომეწონება ის, რაც სხვა ქართველებს არ მოეწონებათ.

ყველაზე მეტად არ მომწონს, რომ ერთმანეთთან ვერ იყოფენ ადამიანები რაღაცებს, არ უთმობენ ერთმანეთს, მაგრამ არამარტო საქართველოში, არამედ ყველგან ხდება ეს.  ასევე, არ არის მოსაწონი, რომ ვიღაცები ცდილობენ კულტურის გაფუჭებას, შეცვლას, გადაკეთებას, - ეს ყველაზე მთავრია ჩემთვის.  ჩვენ ქართველებს, არ გვჭირდება თუნდაც იმ ძველი სიმღერების დამახინჯება, გათანამედროვება. ჩვენი კულტურა, ფოლკლორი გასაფრთხილებელია.

- როგორ ცხოვრობენ თურქეთში ქართველები. რა დამოკიდებულება აქვთ ისტორიული სამშობლოსა და აქაური ქართველების მიმართ? ვიცით, რომ ბევრმა იცის ქართული ენა. რა შეიცვალა ბოლო დროს ამ დამოკიდებულებებში?

- დამოკიდებულებებში შეცვლილი არაფერია, მაგრამ დამატებული არის ის,  რომ ურთიერთობა გახშირდა, მეგობრობა გახშირდა.  თითქმის ყველას ჰყავს საქართველოში ნათესავი, ისინი მათ ხშირად ნახულობენ. ადრე არ იყო ასეთი ურთიერთობა.

მათი 80% ჩამოდის საქართველოში. ვისაც ინტერესი აქვს, თავისი კულტურა უყვარს, ამ ადამიანების რაოდენობა იზრდება. ხალხმა წერა-კითხვა ისწავლა ქართულად, ბოლო წლებში, სკოლებში ქრთულის სწავლა შესაძლებელი გახდა. ამისთვის მთავარია მინიმუმ 10-მა ბავშვმა გამოთქვას სურვილი. ეს დაემატა, რაც ძალიან კარგია. ადრე ვერ ვუსმენდით ქართულ სიმღერას, დღეს მე თავისუფლად ვმღერი იქ, ქართულად.

- აქაურ ქართველებს თქვენი სიმღერები ძალიან უყვართ. განსაკუთრებით, „გელინო“. თურქეთში მცხოვრებ ქართველებში რამდენად პოპულარულია თქვენი და ზოგადად ქართული სიმღერები? არიან მსურველები მათი შესრულების?

- რა თქმა უნდა, არიან მსურველები. „გელინო“ ხალხური სიმღერაა, სწორედ ამით გავხდი მე პოპულარული. დღეს, თურქეთში ეს სიმღერა ძალიან უყვართ, ჩემს გარდა, თურქებმაც შეასრულეს ეს სიმღერა.

გუშინ, სკოლაში დამპატიჟეს თურქეთის საელჩოდან,  სადაც თურქულად სწავლობენ მოსწავლეები, დარბაზის გახსნა იყო.  მისვლისას პროგრამას რომ გადავხედე, აღმოვაჩინე ერთ-ერთ ნომრად ჩემი სიმღერა. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

- თქვენი ჩამოსვლის მიზანი ახალი სიმღერის ჩაწერაა. რას გვეტყვით ამის შესახებ?

- უკვე ჩავწერეთ სიმღერა. მუსიკის ავტორი მე გახლავართ, ეს სიმღერა არის მაჭახელზე სახელწოდებით - „გაუმარჯოს მაჭახელას“.  ძალიან კარგი გამოვიდა. ვისაც ხალხური სიმღერები უყვარს , დიდი იმედი მაქვს, მოეწონება. ვიმუშავეთ ძალიან დატვირთული გრაფიკით.

- რას უსურვებთ საქართველოს?


- ქართველებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, გამრავლებას, ერთმანეთის სიყვარულს. სიყვარული ეს არის უმთავრესი, რომელიც არ უნდა დავუკარგოთ ერთმანეთს. ასევე, მთავარია ურთიერთგაგება და ის, რომ საქართველოს მთელს მსოფლიოში უფრო  დიდი გულშემატკივრები ჰყავდეს.

თეგები :

ბაიარ შაჰინი