• თბილისი
  • 27°C
  • 18 ივნისი, 2018
article

„ბავშვებს ნუ ატყუებთ და ნუ კლავთ“, - ცნობილი ფსიქოლოგის სკანდალური ინტერვიუ

ცნობილი ფსიქოლოგი, განწყობის  ანთროპოლოგი და ნეირო ლინგვისტი, დავით ამირეჯიბი ექსკლუზიურად „პრესა.ჯი“-სთან საუბრობს იმ გამოწვევებსა და სახიფათო რეალობაზე, რომელიც დღეს საქართველოშია.

presa.ge: ბატონო დავით, ცოტა ხნის წინ პარლამენტთან, ახალგაზრდების აქციის პარალელურად, ფაშისტური, პრორუსული ძალებიც მართავდნენ აქციას. რა იყო მათი მიზანი? 

დავით ამირეჯიბი: პარლამენტთან გამართულ აქციებს აქვთ მკვეთრად გამოხატული პროვოკაციული, პოლიტიკური კონტექსტი - ივლისის ნატოს სამიტზე ჩვენი ბლოკირება! 

საქართველოს არსებობა-არ არსებობის საკითხი უკავშირდება ჩვენი ნატოსთან ინტეგრაციის ხარისხს. 

ივლისის სამიტზე, ისევე, როგორც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, მიუხედავად ნატოს 2 ცნობილი ქვეყნების მხრიდან წინააღმდეგობისა, რჩება დიდი შანსი, რომ ეს წინააღმდეგობა დაძლეული იქნება და მივიღებთ მაპს. 

2008-ში, ამ 2 ქვეყანასთან მოლაპარაკეკების პროცესს პროვოკაციურად დაუპირისპირეს 7 ნოემბრის მოვლენები. ჩვენ მაშინ ვერ მივიღეთ მაპი, რისი პირდაპირი შედეგი გახდა, სამიტიდან 3 თვეში, რუსეთის 58-ე არმიის შემოჭრა და მიწების ანექსია. 

- რა ხდება დღეს? 

- დღეს სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უარით გაისტუმრებენ ივლისის სამიტზე, სავარაუდოდ აგვისტოში, ომიდან მეათე წლისთავზე, რუსთაველზე ვიხილავთ რუსეთის არმიის პარადს! 

რუსეთი, მისი პრეზიდენტის პუტინის სახით, ეწევა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს რეგიონში, რითაც ცდილობს მთავარი მოთამაშეების პოზიციების რეკოგნისცირებას, მათ შემზადებას და მათთვის ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას, ქართული ტერიტორიის “სამართლიანი გადანაწილების” სახით (კავკასიური რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი). 

2016 წლის, 8; 9; 10 აგვისტოს, აგვისტოს ომიდან ზუსტად 8 წლის თავზე, ბაქოში, პეტერბურგში და მოსკოვში მოხდა პუტინის ასეთი შეხვედრები აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთისა და სომხეთის პირველ პირებთან. 

ამ მოლაპარაკებების სუბიექტი იყო კავკასიური პოლიტიკა. ამ მოლაპარაკებათა შესახებ საქართვლო საქმის კურსში ჩაყენებული არ არის. 

წელს, 8 აგვისტოს სრულდება აგვისტოს ომიდან 10 წელი, რუსეთის მიერ ომის გაგრძელებისა და საქართველოს დესუვერენიზაციის საშიშროება ისევ რეალური რჩება! 

- თქვენ ამბობთ რომ რუსული ჯარები შესაძლოა თბილისში შემოვიდნენ?  

- რუსეთის სამხედრო ძალის შემოსვლა თბილისში, ითამაშებს დომინოს ეფექტის ჩამრთველი პოლიტიკურ ფაქტორის როლს...

არადამაჯერებელი პერფორმანსი! 14 მაისს, პარლამენტის პოდიუმზე გამართული თეატრის დრამატურგია კოჭლობს - გარყვნილი დასავლეთის როლში გამოიყვანეს ბავშვები, მათგან ერის გადამრჩენის როლში - „გრუშნიკი“ ტრისტანი, „კაგებისტ“ იზოლდასთან ერთად. 

თუმცა, ბავშვებს რას ვერჩით? ისინი, ხომ მსხვერპლის როლში უნდა ყოფილიყვნენ, და არა, თავად გარყვნილი კაპიტალისტებისა! ეროვნული რაშისტების (რაშია მათი სიმბოლო, აქედან - კონტრაქცია. კონ, თან - რაშ) აგრესია ბავშვების მიმართ არადამაჯერებელი მეჩვენა. 

ბოლოს და ბოლოს რუსეთი უდიდესი კულტურის ქვეყანაა - პუშკინი, დოსტოევსკი... ნუთუ ერ-მამების და ევრო-შვილების ომი ასეთი სისასტიკით უნდა იყოს წარმოჩენილი?! 

მიმართეთ პროფესიონალ დრამატურგებს ბატონებო. სირცხვილია თეატრის დიდი ტრადიციის ქვეყანაში ასეთი იაღლიშები. გადაიკითხეთ დიდი ბერტოლდის Der kaukasische Kreidekreis. 

თეატრს არ უხდება ნამდვილი სისხლი, ის არც დამაჯერებელობას მატებს უნიჭო შოუს და აკნინებს თეატრის არსს!!! როდესაც ბავშვები გამოგყავთ მასოვკის როლში, აუხსენით, რომ ეს შოუა, ნუ ატყუებთ, და ნუ კლავთ! 

მარიონეტული პოლიტიკის ატრიბუტებია - მარგინალური ლიბერალიზმი; პროვინციალური ეროვნულობა; ჩეკისტური დემოკრატია; ნეპისტური და ნეპოტისტული ეკონომიკა; კომუნისტური ნომენკლატურა საბანკო სექტორში; მორჩილი, ღირსებააყრილი ტაკიმასხარათა საზოგადოება; კომკავშირული მედია; პროვოკაციური და მანიპულატორული სახემწიფო მმართველობა, რომელიც ნერგავს ეროვნული სუიციდის, თვითგანადგურების იმპულსებს. 

რატომ ვერ ვხედავთ თავად მოცეკვევე ახალგაზრდებს თოქ შოუების მონაწილეთა შორის, რატომ აქვთ მისაკუთრებული მათი ხმები, ზემოდან დაშვებულ, ე.წ პროფესიონალ ლიდერ-დემაგოგებს, სოციალური ზეგავლენის აგენტურას?! 

ნარკო-გენოციდის საოკუპაციო პოლიტიკა მანიპულირებს სწორედ იმით, რაც გვაკლია - თავისუფლების გრძნობით! ბრძოლა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის გაუტოლეს ბრძოლას ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზაციისთვის. 

ბედნიერება კი - ნარკოტიკულ ტრანსს. ალტერნატივა, მხოლოდ ფსევდო ნაციონალებისა და "პროვინციალი ფაშისტების (შევარდნაძე)" აგრესია და გინებაა, რაც მხოლოდ აძლიერებს ახალგაზრდებში პროტესტის გრძნობას, და უბიძგებს ნარკოტიკების ახალი დოზის მიღებისკენ. 

ეს ოკუპანტების მიერ მართული გენოციდის პოლიტიკაა! რას უპირისპირებს ამას საზოგადოება, რომლისთვისაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა უცხო ხილია, - ვერაფერს! 

- რატომ გააქტიურდნენ ქართველი ფაშისტები ახლა, რა არის მათი აგრესიის საფუძველი? 

- არც ის მგონია შემთხვევითი, რომ სწორედ ნატოს სამიტის წინ გააქტიურდნენ „ქართველი ფაშისტები და აქტიურად ჩაერთვნენ აქციებში. ფაშისტების მიერ, სამფეროვანი, ეროვნული დროშის დემონსტრირება, შევარდნაძის "პროვინციალური ფაშიზმის" ანტიეროვნული, რუსული დოქტრინის რიმეიკია! 

ამ დოქტრინის მიზანია ყველაფერი ქართულ ფაშიზმს გადააბრალოს - ეს ხომ ჩვენ ავტეხეთ ომები, ჩვენვე დავამხეთ ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფლება, შევიჭერით აფხაზეთში, სამაჩაბლოში...

რუსეთი აქ არაფერ შუაშიაო, გვეუბნებიან. "მოქალაქეთა კავშირი" უკვდავია და მოქმედებს! აქციაში მონაწილეობა მიიღო ზოგიერთმა გულანთებულმა პატრიოტმა, ვერ განსაზღვრა, რომ საქმე ტოტალურად მანიპულირებულ აქციასთან გვაქვს. 

მანიპულაცია ხომ, უპირველესად ყოვლისა, სწორედ იმ გულიან ადამიანებს ეხებათ, რომლებიც ათქვიფეს ერთიან აჯაფსანდალში, ფაშისტებთან, რუსეთუმეებთან და გებისტებთან (წითელაშვილი...) ერთად! 

მანიპულირებისა და დისკრედიტაციის ობიექტები სწორედ ეროვნული მოძრაობა გახლდათ. რუსული პროპაგანდისტული მანქანა, ოკუპირებულ საქართველოში. 

- რომელი ქართული ჯგუფები ემსახურებიან რუსულ პროპაგანდას? 

- ოკუპანტის პროპაგანდის მომსახურე დაჯგუფებები - ა) სიტყვით ეროვნულები არიან, ერთმორწმუნეობას ქვეყნის სუვერენიტეტზე მაღლა აყენებენ, დასავლურ კულტურას აკრიტიკებენ, როგორც უზნეოსა და მტრულს, - ქვეყნის იზოლაციონიზმს ემსახურებიან, ოკუპანტის სამსახურში დგანან; ბ) სიტყვით, ევროატლანტიზმის მხარდამჭერებად გვევლინებიან, საქმით - გვაძულებენ საუთარ თავსა და ცივილიზებულ მსოფლიოს; გ) სიტყვით, ნეიტრელიტეტს ქადაგებენ, ქვეყანას კი, ოკუპანტის აგრესიის წინაშე, დაუცველს ტოვებენ; დ) ღიად უჭერენ მხარს რუსეთის პოლიტიკას, რომ სამივე ჯგუფმა, ფარულად, წარმატებით აკეთოს ძირგამომთხრელი საქმიანობა. 

ამ ჯგუფებში გაერთიანებული ადამიანები, რომლებიც მართავენ მათ საქმიანობას, ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები არიან, საბჭოთა სპეცსამსახურების აგენტურა. 

დღეს ისინი მოექცნენ ფსბ-ს, გრუს და სხვა, რუსეთის ფედერაციის სამსახურების გავლენის ქვეშ, ლუსტრაციის კანონის არ/ვერ ამოქმედების გამო. 
- რა არის გამოსავალი? 

- ჭეშმარიტი, ეროვნული, სახელმწიფოებრივი პოზიცია მდგომარეობს - ოკუპანტისგან ქვეყნის დაცვაში; თავსმოხვეული იზოლაციონიზმისა და რუსული პროვინციალიზმის დაძლევაში; ეროვნული ტრადიციების, ისტორიის, კულტურის მსახურებაში, ცივილიზებული მსოფლიოსადმი გახსნილობაში (არ არსებობს ეროვნული და დასავლური ღირებულებები, არსებობს კულტურა და უკულტურობა); იმ ხელისუფლების არჩევის უფლების დაცვაში, რომელიც ხალხის დაკვეთას ასრულებს და არა ოკუპანტისას; სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში გაერთიანებაში, რომლებიც ცნობენ საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს ერთიან საზღვრებში, და ეწინააღმდეგებიან რუსეთის იმპერიულ ამბიციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით!