• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

იაშვილის კლინიკაში ოპერაციის შემდეგ ბავშვის მუცელში ექიმებს დოლბანდი ჩარჩათ

„ფეისბუქზე“ გავრცელდა პოსტი, რომელშიც მოქალაქე გიორგი ალიბეგაშვილი 2 წლის დისშვილზე, ნენეზე საუბრობს და იაშვილის კლინიკას ოპერაციის არასწორად ჩატარებაში ადანაშაულებს. 

ალიბეგაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ ბავშვს იაშვილის კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაუკეთეს, რა დროსაც სხეულში დოლბანდი ჩაუტოვეს. მისივე თქმით, სადინარებიც არასწორად იყო შეერთებული. ბიძა ამბობს, რომ დოლბანდი ფრანგმა ექიმებმა ბავშვის გაჭრის შემდეგ ღვიძლზე მიკრული იპოვეს.

„20 დღე უშედეგო მკურნალობის შემდეგ გვითხრეს, ღვიძლი არ მუშაობს და გადანერგვა დასჭირდებაო. რა თქმა უნდა, საქართველოში მსგავსი ოპერაცია არ გაკეთებულა პატარა ბავშვზე. ჩემმა დამ ფაქტობრივად მომაკვდავ ნენეს მოკიდა ხელი და წაიყვანა საფრანგეთში. ერთთვიანი კვლევების შედეგად ვერ დაუსვეს დიაგნოზი ბორდოში. ბოლოს მოითხოვეს თანხმობა გაჭრაზე. გაჭრეს და ამოუღეს იაშვილის კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის დროს ჩარჩენილი დოლბანდი. რომელიც ღვიძლზე იყო მიკრული . სრულიად დამპალი და რა თქმა უნდა, ღვიძლი მთლიანად გაფუჭებული,” – წერია ოჯახის წევრის განცხადებაში.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ბავშვს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა.

„ბოლოს პარიზში გაუკეთდა ღვიძლის გადანერგვა. ღვთის წყალობით, დღეს წარმატებით გადის რეაბილიტაციას. იაშვილის კლინიკა ერთხელაც არ დაინტერესებულა ბავშვის მდგომარეობით,” – ნათქვამია ბავშვის ოჯახის წევრის განცხადებაში.

მისი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ბავშვს მკურნალობის არც ერთი ეტაპი არ დაუფინანსა, ხოლო ის ექიმები, რომლემბაც ოპერაცია ჩაატარეს, იაშვილის კლინიკაში დღემდე მუშაობენ.

თეგები :