• თბილისი
  • 34°C
  • 20 ივლისი, 2018
article

2017 წელს საქართველოში იმიგრანტთა რაოდენობამ 78 218 შეადგინა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე კავკასია“ საკუთარ ვებ-საიტზე greencaucasus.org.ge გამოაქვეყნა ანგარიში „საჯარო ინფორმაცია იმიგრაციის შესახებ“, რომელშიც სხვადასვა სახელმწიფო უწყებებიდან და სხვა ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაანალიზებულია ბოლო პერიოდის იმიგრაციული ნაკადები.

ანგარიში შედგენილია არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასია“-ს მიერ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მულტიკულტურული თბილისი დღეს“ ფარგლებში სახელმწიფო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკისა და მიღებული პასუხების ანალიზის საფუძველზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქსტატის მონაცემებით, რომლებიც ეფუძნება საზღვრის კვეთის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს, სხვა ქვეყნის მოქალაქე იმიგრანტების რაოდენობა   2016 წელს  იყო 43142, რაც ქვეყნის მოსახლეობის 1,16%-ს შეადგენდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის UN DESA თანახმად, საქართველოში იმიგრანტების რაოდენობას ზრდის ტენდენცია აქვს და 2017 წელს 78 218 იმიგრანტი იყო, რაც ქვეყნის მოსახლეობის 2,1%-ს შეადგენს.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში იმიგრანტების რაოდენობის მატება ძირითადად აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული, რაც ორგანიზაციას საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის განვითარებისათვის სასარგებლო ტენდენციად მიაჩნია.

ორგანიზაცია რეკომენდაციით მიმართავს  საქართველოს მთავრობას, რომ იმიგრანტების, მათ შორის, განსაკუთრებით - ახალგაზრდობის ინტეგრაციისათვის შეიმუშაოს და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ასახოს ღონისძიებები ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „c“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით. შეთანხმების ეს პუნქტი ისეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას ითვალისწინებს, როგორიცაა „პირთა მიღების (ადმისიის) წესები და მიღებულ პირთა უფლებები და სტატუსი, კანონიერად მცხოვრებ არამოქალაქეთა მიმართ სამართლიანი მოპყრობა და ინტეგრაცია, განათლება და ტრეინინგი; და რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები“.


თეგები :