• თბილისი
  • 34°C
  • 20 ივლისი, 2018
article

ილია მეორე უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს: „იყავით იქ, სადაც ბრძანდებით“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიმართა. 

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბრძანდებით სამშობლოში, რამდენიმე წლის წინ, მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნებულიყავით სამშობლოში, ახლა მე მოგიწოდებთ, რომ იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში. ეს საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის.

მე მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ სამშობლოსათვის. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა რომლებიც მოღვაწეობენ, ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული ენა და კულტურა, ეკლესიები და მონასტრები, რომლებიც შეიქმნა უცხოეთში და რომლებიც ჩვენი სულიერი კულტურის ცენტრები გახდა, შეიქმნა წრეები ქართული ცეკვის, სიმღერის, ქართული ენისა და ლიტერატურის და ამაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენ. 

და ბოლოს, მე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ უნდა იყოთ მოქალაქე საქართველოსი. შეიძლება თქვენ ცხოვრობთ უცხოეთში, მაგრამ ამავე დროს, უპირველეს ყოვლისა, თქვენი წინაპრების ძვლები, ფესვები არის აქ, საქართველოში და ეს არ უნდა დაივიწყოთ. 

ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობელი ვართ იმისთვის, რასაც სამშობლოსთვის აკეთებთ. ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო და აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვიბრუნდეს“, - აღნიშნა ილია მეორემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“.

ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას.



თეგები :