• თბილისი
  • 27°C
  • 24 სექტემბერი, 2018
article

შსს: სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად 3 მფრინავი, 1 მესაზღვრე და 1 პოლიციის თანამშრომელი დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ამ დროისთვის დაშავებულების თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა მიმდინარეობს.

“მიმდინარე წლის 12 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა - ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმური როტაციის მიზნით მიფრინავდა.

ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ამ დროისთვის დაშავებულების თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა მიმდინარეობს.
ამ წუთებში სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე დაშავებულების მოსანახულებლად თელავში მიემგზავრება. იგი ადგილზე გაეცნობა მომხდარის დეტალებს.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


თეგები :