• თბილისი
  • 24°C
  • 26 სექტემბერი, 2018
article

"ზურაბიშვილი პირდაპირ ახმოვანებს და ეთანხმება მტრული სახელმწიფოს პრეზიდენტს"

"პრესა.ჯი" ცნობილ ფსიქოლოგთან, განწყობის  ანთროპოლოგთან და ნეიროლინგვისტთან,  დავით ამირეჯიბთან  მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ინტერვიუს გთავაზობთ.

-ბატონო დავით, როგორ შეაფასებდით, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ ვითარებას?იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს პრეტენზია დემოკრატიულ სახელმწიფოზე, შეესაბამება თუ არა, ეს პროცესები დემოკრატულ ქვეყანას?


-ქვეყანაში,  სადაც გადაადგილების დროით, თბილისიდან ნახევარ საათში  მტერი იმყოფება, არჩევნების ჩატარება  ობიექტურად, ძალიან სათუო საკითხია.

ბუნებრივია, რომ ოკუპირებული არის არა აფხაზეთი და სამაჩაბლო, არამედ ოკუპირებულია  მთლიანად ქვეყანა.

ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ამ ფაქტების გათვალისწინებით.

-მაშინ გვითხარით, რა გავლენას მოახდენს რუსეთის განწყობები მოახლოებულ საპრეზიდენტო  არჩევნებზე?

-გავლენა ასეთ შემთხვევაში არის ფაქტობრივად ანშლუსი, რადგან უამრავი ადამიანი გვყავს დევნილი, იმ ზონებში,  სადაც უშუალოდ დგას მათი ჯარები, ადამიანები ნორმალურად ვერ ცხოვრობენ, იტაცებენ მათ ყოველდღე, როგორც ფაშიზმის დროს ხდებოდა პოლონეთში  ასეთი ვითარებაა ჩვენთან, ამას ვუწოდებდი ტიპიურ საომარ ვითარებას.

გარდა იმისა, რომ იტაცებენ ხალხს და მიწას, მცოცავი აგრესია იმის მაჩვნებელია, რომ აგრესორი არის აქტიური, ამ აქტივობას აქვს პირველ რიგში პოლიტიკური გავლენა, რადგანაც პუტინმა ბრძანა ჩვენი ამოცანა არის საქართველოს არ დაშვება ნატოშიო.

პუტინს და მედვედევს არაერთხელ უთქვამთ, რომ მათ  არ სურთ სააკაშვილის ყოფნა ხელისუფლებაში, მათივე განცხადებით, სანამ ის ხელისუფლება არ იქნება  საქართველოში რომელიც მათ სურთ, ომი არ დამთავრდება.

ეს ნიშნავს პირდაპირ ჩარევას საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, არჩევნებში.
ასეთი ჩარევა მოხდა 2012 წელს, ის არჩევნები დემონსტრაციული სექსუალური ხასიათის ფონზე ჩატარდა, ვგულისხმობ ციხის კადრებს, რომელიც არჩევნების წინა დღეს გავრცელდა, იგივე რაფალიანცის საქმე, ეს ფონი ნიშნავს იმას, რომ არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს ამომრჩევლის საღ აზრზე.

-ფიქრობთ, რომ 2012 წლის არჩევნები და წინასაარჩევნო პროცესები რუსეთის გეგმის ნაწილი იყო?
 
-ეს იყო ექსტრაორდინალური შეტევა ელექტორატზე, მისი ტრავმირება.

ამ ფონზე არჩევნები ვერ იქნებოდა ობიექტური და კომპეტენტური.

ცნობილია, რომ მთელს მსოფლიოში, არჩევნების წინა დღე არის სიჩუმის დღე, არ ხდება პროპაგანდა, აკრძალულია კანდიდატების მიერ საარჩევნო კამპანიის წარმოება. ეს იმიტომ კეთდება, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს საშუალება განეწყოს, კარგად მოიფიქროს და საღ გონებაზე და მშვიდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მივიდეს საარჩევნო ყუთთან.

ეს ექსტრაორდინალური შემთხვევა  კი გვთავაზობდა  სრულიად ცალსახა არჩევანის უფლებას.

-დავუბრუნდეთ მოახლოებულ არჩევნებს, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ 2008 წლის წინანდელი საომარი მოქმედებები განმეორდეს? რადგან, როგორც თქვით, ეს კანდიდატი რუსეთისთვის მიუღებელია...

-რა თქმა უნდა,  პუტინის გეგმა, რომ თბილისში  შემოვიდეს, მთლიანად გააკონტროლოს საქართველო და მოახდინოს უკვე  სრულფასოვანი ანექსია - ძალაშია.

პრეზიდენტი იგივეა, მედვედევიც თავის ადგილზეა, ყოველდღე ხდება ამის შეხსენება ჩვენთვის. ეს არ არის გაყინული კონფლიქტი, ეს არის აქტიური კონფლიქტი. კონფლიქტი, რომელსაც აქვს მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური მიმართულება.

-ფსიქოლოგიური თავლსაზრისით, როგორ შეაფასებდით ზურაბიშვილის განცხადებებს, რამაც,  როგორც აღნიშნეთ საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია?

-  მე პირდაპირ მივმართე იმ პოლიტიკოსებს, ვინც ზურაბიშვილის მსგავს განცხადებას აკეთებს. უმრავლესობამ ზურაბიშვილის მხარდაჭერით თქვა, რომ ისინი ფაქტობრივად ეთანხმებიან მის განცხადებას საქართველოს მიერ, ომის დაწყების თაობაზე.

მივმართავ პოლიტიკოსებს: პოლიტიკოსებო, დაიცავით საავტორო უფლებები! იდეა, რომ რუსეთთან ომი დაიწყო საქართველომ ეკუთვნით პუტინს და მედვედევს!

ამ იდეის გამეორება ნიშნავს პლაგიატს.

როცა ერთი პოლიტიკოსი სიტყვასიტყვით იმეორებს ოკუპანტის გამონათქვამს, არის თანხმობა მათი აგრესიის.

როგორ შეიძლება საქართველოს ბრალი იყოს მაგალითად, სამაჩაბლოს დაკარგვა, რა ტერიტორიაა სამაჩაბლო და რამდენი ადამიანი ცხოვრობს იქ.  ის, რომ სამაჩაბლომ შეიძლება ომში დაამარცხოს საქართველო, აბსურდია...

თბილისი რამდენჯერმე მეტია, ვიდრე მთლიანი სამაჩაბლო.

იგივე შეიძლება ითქვას აფხაზეთზე.

პოლიტიკური გავლენის გავრცელება პირდაპირ კავშირშია არჩევნებში ჩარევასთან.  თუკი,  აშშ-ში პრეზიდენტების არჩევნებში ერევიან, მაშინ ოკუპირებულ ქვეყნებში რატომ არ ჩაერევიან? არჩევნებში ჩარევა რუსეთის პირდაპირი გეგმაა, ეს მათი ღია მიზანია. "მე არ დავიწყებ ომს რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ეს გააკეთა სააკაშვილმა“ - ესეც ზურაბიშვილის ერთ-ერთი ციტატაა.  ის პირდაპირ ახმოვანებს და ეთანხმება მტრული სახელმწიფოს პრეზიდენტს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზურაბიშვილი სამხედრო მანქანის პირდაპირი წარმომადგენელია საქართველოში.

სალომეს შემთხვევაში იყო ოფიციალური წარდგენა და მხარდაჭერა უმრავლესობის მხრიდან, ეს მოხდა 11 რიცხვში, რაც შემთხვევითი არ არის, ეს ის დღეა, როდესაც დაიწყო ფართომასშტაბური რუსული სწავლებები, სადაც უპრეცენდენტო ძალებია ჩართული.

ეს არის დასავლეთის მიმართ აგრესის  გამოხატულების სიმბოლო, დემონსტრაცია და შეშინება,  როდესაც ასეთი სამხედრო დემონსტრაციის დროს ხდება იმ ადამიანის კანდიდატად დასახელება და მხარდაჭერა, რომელიც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ეს არ არის დამთხვევა და შემთხვევითობა.

ეს პოლიტიკაა, სადაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯები ყოველთვის უკავშირდება გარკვეულ სიმბოლურ თარიღებს და ითვალისწინებს კონტექტს. სამხედრო სწავლებები ძალიან საშიშია,  ეს არის მათი ძალის დემონსტრირება. ზურაბიშვილის ამგვარმა არაადეკვატურმა განცხადებებმა, სხვა პოლიტიკური ძალები დაჩრდილა, ისინი ფსიქოლოგიურად ყურადღების მიღმა აღმოჩნდნენ.

ის ფაქტი, რომ უმრავლესობა ასეთ პიროვნებას უჭერს მხარს, არის კატასტროფა. ადამიანებს  ამით დაუცველობის და შიშის განცდა უჩნდებათ. ამან გამოიწვია პანიკური მდგომარეობა საზოგადოებაში.