• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

„შე სამარცხვინო, ქალო, შენა“ - თინა ბოკუჩავასა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

პარლამენტის სხდომათა დარბაზში თინა ბოკუჩავასა და ეკა ბესელიას შორს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კამათი მთავარი პროკურორის კანდიდატურის განხილვისას დაიწყო, როდესაც თინა ბოკუჩავამ ტრიბუნაზე გამოსვლისას მმართველი გუნდი და ეკა ბესელია ჯაშუშების საპატიმროებიდან გათავისუფლებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ ეკა ბესელიამ ოპოზიციონერ დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი შეახსენა და განმარტა, რომ ყოფილი სახელისუფლო გუნდი ჯაშუშობის მოტივით დევნიდა ოპონენტებს.

საკუთარი გამოსვლისას ეკა ბესელიამ ბოკუჩავას შეახსენა, რომ ამ პერიოდში ბოკუჩავამ ყოფილი პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან საჩუქრად ოქროს სამაჯური მიიღო.

„2004 წლიდან გებრძოდით მე თქვენ, როგორც კი მოხვედით ხელისუფლებაში თქვენი გუნდი. მაშინ როდესაც ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი თქვენი პრეზიდენტის ბრძანებით დააპატიმრა ჩემ უდანაშაულო ძმასთან ერთად და ჩემი ოჯახის წევრები მძევლად აიყვანეთ 2010 წელი იყო.

მე ქუჩაში გამოვედი 2004 წლიდან და 2010 წელს დაიწყო ეს პოლიტიკური ტერორი. ჩემი ოჯახის გამო ქუჩაში არ გამოვსულვარ და მაშინ როდესაც შენი ლიდერი ჩემი ოჯახის წევრებს ატერორებდა და მძევლად ჰყავდა, მაინტერესებს შენ, თინა ბოკუჩავას ოქროს სამაჯურს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჩუქრად რატომ გიგზავნიდა. ეს კონკრეტული ფაქტი არის იმ ბრალდების საქმეში, რომელიც სასამართლოში არის გაგზავნილი. ეს არის ის მასალები, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგული თანხების გამო მიხეილ სააკაშვილს ბრალად წარედგინა. ქალბატონო ბოკუჩავა, სააკაშვილი როცა ჩემ ოჯახს აპატიმრებდა, კორუფციულ სქემებში ერთ-ერთი თქვენ იყავით ვისაც ოქროს ნივთებს გიგზავნიდათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს საქმე დევს სასამართლოში, ამისთვის სააკაშვილს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, იმიტომ რომ ასეთი რვა მილიონზე მეტია გაფლანგული“,- განაცხადა ბესელიამ.

ამის შემდეგ ბოკუჩავა სიტყვას ითხოვდა, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უთხრა, რომ საკითხი განხილულია და ხუთწუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

კამათი სხდომათა დარბაზში დაიწყო და ტექნიკური შესვენებისას გაგრძელდა. ვითარების განმუხტვას და თინა ბოკუჩავას დამშვიდებას პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ცდილობდნენ.

თეგები :