• თბილისი
  • 27°C
  • 24 სექტემბერი, 2018
article

პრეზიდენტობის 10 კანდიდატი, რომელიც ოპოზიციას გამარჯვებაში დაეხმარება

შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებია. ჯერჯერობით, პრეზიდენტობის კანდიდატები არც ოპოზიციას დაუსახელებია და არც - მიტინგებით, „შარდის ქეისითა“ და მკვლელობების გამოუძიებელი საქმეებით დასუსტებულ ხელისუფლებას. 

მესამე პრეზიდენტი და მთავარი ოპოზიციური პარტია იმედოვნებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება რეალურად დაიწყება. 

ვინ შეიძლება გახდეს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში საკუთარ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს? 

კანდიდატები... 

1. ეკა ზღულაძე - შს მინისტრის ყოფილი მოადგილე.

ზღულაძე საკმაოდ წარმატებული, განათლებული და ქარიზმატული ლიდერის შთაბეჭდილებას ტოვებს. 

მან მონაწილეობა მიიღო უკრაინის პოლიციის რეფორმაშიც. 

ოპოზიციის მხრიდან მისი კანდიდატურის დასახელება ერთგვარი ახალი სიტყვა იქნებოდა საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში. 

მან, შესაძლოა, ნამდვილად შეძლოს ამომრჩევლის გულის მოგება.

2. ვერა ქობალია - ეკონომიკის ყოფილი მინისტრი. 

ქალბატონი ვერა მინისტრად საკმაოდ ახალგაზრდა დაინიშნა. 

ის საქართველოში კანადიდან მოიწვიეს, სადაც საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. 

ვერა ქობალიას სახელთან ასოცირდება „ვიზეარის“ შემოყვანა და ეკონომიკის სფეროში განხორციელებული რეფორმები.  

კომპანია, რომელმაც არც კი იცოდა „სად იყო საქართველო“, სწორედ მისი დამსახურებით დაინტერესდა ჩვენი ქვეყნით.

ვერა ქობალია 2012 წლის შემდეგ სხვადასხვა წარმატებულ ქვეყანაში მიიწვიეს თავისი გამოცდილების გაზიარების მიზნით.

3. გრიგოლ ვაშაძე - საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი. 

მან წარმატებულად უხელმძღვანელა საგარეო პოლიტიკას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის პრობლემების აქტუალიზაციაში. 

გრიგოლ ვაშაძემ შეძლო და დააინტერესა ევროპის ბევრი ქვეყანა, ანგარიში გაეწია იმ საკითხებისათვის, რომლებიც საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

მისი მინისტრობისას უფრო დავუახლოვდით ნატოსა და ევროკავშირს. გავამყარეთ არაღიარების პოლიტიკა. 

თუმცა, 2012 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ ინტერესმა კვლავ იკლო.

4. ლევან ვარშალომიძე - აჭარის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე. 

ვარშალომიძის სახელს ბათუმისა და ზოგადად, აჭარის განვითარება უკავშირდება. 

მან პრეზიდენტ სააკაშვილის სრული მხარდაჭერით, ჩაბნელებული, მოუწესრიგებელი და „უცნობი“ ბათუმი თანამედროვე და განვითარებულ ტურისტულ ჰაბად აქცია. 

ბათუმსა და აჭარაში დაწყებულმა აღმშენებლობამ კი, შედეგად უცხოელი ტურისტების ზრდა, ეკონომიკის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა მოიტანა. 

ბათუმი დღემდე რჩება ქართული ტურიზმის სავიზიტი ბარათად. 

5. ხატია დეკანოიძე - განათლების ყოფილი მინისტრი. 

 ქალბატონმა ხატიამ საინტერესო და საჭირო რეფორმები წამოიწყო განათლების სფეროში. 

მოგვიანებით, ხატია დეკანოიძემ რეფორმები უკრაინის პოლიციაშიც გაატარა, სადაც რამდენიმე წელი იმუშავა. 

ის წარმატებით ებრძოდა კრიმინალს.

ხატია დეკანოიძეს აქვს უნარი წარმოაჩინოს ჩვენი ქვეყანა მისი სრული მასშტაბით - საქართველოს პრეზიდენტის რანგში. 

6. ნიკა გილაური - ყოფილი პრემიერ-მინისტრი. 

ნიკა გილაური ერთ-ერთი წარმატებული პრემიერ მინისტრი იყო. 

მისი გამოცდილება დღემდე არ ჰკარგავს აქტუალობას. 

გილაურს სხვადასხვა ქვეყნებში იწვევენ გამოცდილების გაზიარების მიზნით, რაც ჩვენი პატარა და მშვენიერი ქვეყნისათვის დამატებითი „ბენეფიტია“. 

გილაურის განათლება და გამოცდილება კი, შესაძლოა ნამდვილად წაადგეს დადებითად საქართველოს.

7. მამუკა გამყრელიძე - ყოფილი ელჩი ჩინეთში. 

 ბატონი მამუკა გამყრელიძე განათლებული და ყოფილი დიპლომატია. 

ყოფილი ელჩის გაწონასწორებულობა, საკმაოდ შთამბეჭდავი ინტელექტუალური უნარები და საკითხებისადმი ტრანსფარენტული დამოკიდებულება, სრულიად შეცვლიდა წარმოდგენას „ჰალსტუხიან პრეზიდენტებზე“. 

მამუკა გამყრელიძე არ ასოცირდება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან.

8. დავით საყვარელიძე - ყოფილი პროკურორი და დეპუტატი

დავით საყვარელიძე ოპოზიციის ერთერთი ლიდერია 70 მილიონიან უკრაინაში. 

ბრძოლისუნარიანი, შეუპოვარი და უკომპრომისო ლიდერი, პრეზიდენტის რანგში, მნიშვნელოვანწილად დააბალანსებდა პრემიერის უკიდეგანო ძალაუფლებას. 

თუმცა, იმის გამორ ომ დავით საყვარელიძე წლებია უკრაინაში ცხოვრობს, მისი კანდიდატურის წამოყენებამ შესაძლოა, იურიდიული პრობლემები შექმნას. 

9. გიორგი ქადაგიძე - ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი. 

გიორგი ქადაგიძეს საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის ინვესტორებთან. 

ის ახალგაზრდა, წარმატებული და განათლებული ლიდერია, პროდასავლური აზროვნებით. 

ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ქადაგიძის გაპრეზიდენტება ბევრ უცხოელ ინვესტორს დააინტერესებდა, რაც ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანდა. 

10. შალვა ნათელაშვილი - „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი. 

იქნებ მართლა ვანდოთ ქვეყანა ერთხელ მაინც, ნათელაშვილს, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის რანგში, გამორიცხული არა რის, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატისათვის სერიოზულ გამოწვევად იქცეს? 

ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, არსებული პოლიტიკური სპექტრიდან, ნათელაშვილს ყველაზე მეტად ვერ იტანს. მის დაჭერას ივანიშვილი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებას სთხოვდა. 

არავინ იცის, რა „დაუშავა“ ნათელაშვილმა მას, თუმცა, თუ ოპოზიცია ზუსტად იმ კანდიდატს წამოაყენებს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც ოლიგაქრი უფრთხის, იქნებ ეს გარემოება მათივე სასარგებლოდ ამუშავდეს? 

რა თქმა უნდა, ციფრი 10 და ნუმერაციაც, აქ, პირობითია. კიდევ მოიძებნებიან კანდიდატები, რომლებმაც შესაძლოა, კონკურენცია გაუწიონ მმართველი გუნდის რჩეულს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის დიდი ნაწილი გაერთიანებასა და არჩევნებზე ერთიანი პლატფორმით გასვლას შეძლებს. 

თქვენი ვერსიები შეგიძლიათ სტატიის ბოლოს, კომენტარებში დაწეროთ, რათა გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპრეზიდენტო კანდიდატი ფართო დისკუსიის მიხედვით შეარჩიოს და არა - ამომრჩევლისაგან დამოუკიდებლად.