• თბილისი
  • 26°C
  • 19 აგვისტო, 2018
article

პრეზიდენტი: მიმუშავია ბიძინა ივანიშვილთან, როგორც მინისტრს და ის კარგი პრემიერ-მინისტრი იყო

მოვუწოდებ, საქართველოში პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებს, აიღონ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მათ შორის, ყველაზე მეტად მმართველ პარტიას და დაასახელონ პრემიერ-მინისტრად ადამიანი, რომელიც არის პარტიის ლიდერი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, ფორუმზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი კარგი პრემიერ-მინისტრი იყო.

„სხვათა შორის, მე ბიძინა ივანიშვილთან მიმუშავია, როგორც პრემიერ-მინისტრთან მინისტრის რანგში და შემიძლია ვთქვა, რომ ის კარგი პრემიერ-მინისტრი იყო, ყოველ შემთხვევაში, ჩემი გამოცდილებით. ბიძინა ივანიშვილთან ვმუშაობდი, როგორც მინისტრი და თანამშრომლობა ძალიან კარგი, საინტერესო და ეფექტური იყო“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, პროცესი, როდესაც ადამიანები ინიშნებიან, თუმცა რეალურად გადაწყვეტილებებს იღებს მმართველი პარტია, საქართველოს ევროპულ არჩევანს ავნებს.

„ეს მასკარადი, როდესაც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები თურმე არის პარტია და ეს არ გამოიხატება რეალურ ცხოვრებაში, ჩემი აზრით, ავნებს საქართველოს, ავნებს საქართველოს ევროპულ არჩევანს და საქართველოს სტაბილურობას“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე ფორუმზე.

ის ფორუმის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესი, მათ შორის პრემიერ-მინისტრის შერჩევის პროცესი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ქვეყანაში არის ღია პოლიტიკური საზოგადოება, რომელიც სწორ გადაწყვეტილებებს იღებს.

„კიდევ ერთხელ მოგესალმებით ამ მნიშვნელოვან თავყრილობაზე. თქვენი შეკრების თემა არის გადამწყვეტი როგორც ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრების, ისე სტრატეგიულ და ტაქტიკურ მიმართულებებთან დაკავშირებით. გისურვებთ წარმატებას და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოში მიმდინარე ღია, გამჭვირვალე დემოკრატიული პროცესი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის შერჩევის პროცესი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ ვართ ღია პოლიტიკური საზოგადოება და ამ ღია პროცესში ვიღებთ სწორ, ხალხისთვის გასაგებ, დემოკრატიულ და ტრანსფარენტულ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა მან.