• თბილისი
  • 30°C
  • 22 ივნისი, 2018
article

„გინდათ ისტორიები შეთხზათ და საზოგადოებას აჩვენოთ, რომ თურმე „ენმ“ ვიღაცაზე ძალადობს“

ამ ამბავს ჩვენ გავარკვევთ და არავის მოგცემთ იმის უფლებას, ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დევნოთ. გინდათ ახლა ისტორიები შეთხზათ და საზოგადოებას აჩვენოთ, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ ვიღაცაზე ძალადობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

რომან გოცირიძე პარლამენტის თავმჯდომარეს გამოეხმაურა, რომელმაც კოლეგებს მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა ვასაძის წერილი გააცნო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ.

„ახლა ვესაუბრე აზერ სულეიმანოვს და მითხრა, რომ არ იცის რა ხდება, რომ დეპუტატის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შემთხვევა იყო შემდეგი - ეს ახალგაზრდა, რომელსაც მართლაც საშინლად მოექცნენ, თურმე „ოცნების“ წევრი და თქვენი აქტივისტი ყოფილა, რომელიც აქციაზე გამოვიდა. ამის შემდეგ ეს ახალგაზრდა დაიბარა მათმა სასულიერო ლიდერმა, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა და აზერ სულეიმანოვი ამ გარემოცვაში მონაწილეობდა ამ ახალგაზრდასთან საუბარში. ეს ბიჭი 6 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მებრძოლი იყო. საუბრისას მასთან დასმული ერთადერთი კითხვა იყო შემდეგი - რატომ მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით და რატომ აკეთებდა განცხადებებს თქვენ კი მთელი საქართველოს გასაგონად აცხადებთ, რომ აზერ სულეიმანოვი არის ბრალდებული.

დიახ, უნდა გამოიძიოთ ყველაფერი - რა მოხდა, რა შუაშია აზერ სულეიმანოვი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ პროცედურაში მონაწილეობდა, რომელსაც ჰქვია ვითარების და იმის გარკვევა, იყო თუ არა ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყველაფერს გაარკვევენ და არავის მისცემენ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის უფლებას.

„გინდათ ახლა ისტორიები შეთხზათ და საზოგადოებას აჩვენოთ, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ ვიღაცაზე ძალადობს,“ - მიმართა რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.

თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ გოცირიძეს უპასუხა, რომ მისი ვალდებულება იყო აღნიშნული წერილი კოლეგებისთვის გაეცნო.

„ჩვენი პრეროგატივა არ არის არც ბრალის წაყენება და მით უმეტეს, არც ვინმეს დადანაშაულება. როგორც უკვე მოგახსენეთ, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის პარლამენტის წევრის მიმართ. კანონმდებლობის თანახმად, მთავარი პროკურორი შესაბამისი წერილით მიმართავს საქართველოს პარლამენტს იმისათვის, რომ გააცნოს საქმის არსი. მე ვალდებული ვარ, კანონმდებლობის თანახმად, ეს წერილი გაგაცნოთ თქვენ,“ - აღნიშნა კობახიძემ. 

მარნეულში მომხდარ ინციდენტში პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი ფიგურირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოლეგებს მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ვასაძის წერილი გააცნო სულეიმანოვის ბრალდების შესახებ.

შეგახსენებთ, გუშინ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. 

როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს. 

პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე მარნეულის მერი თემურ აბაზოვი უკვე დააკავა.