• თბილისი
  • 30°C
  • 22 ივნისი, 2018
article

ზაქარია ქუცნაშვილი: ბატონი ბიძინა დიდი ხანია, ასეთი გაბრაზებული არ მინახავს

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს, რომ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ განხილულა. მათი მხრიდან კონსულტაციის მთავარ თემად დასახელდა UNICEF-ის ყოველწლიური კვლევა - „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017“. შეკითხვაზე - უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება სამთავრობო ცვლილებებს, - უმრავლესობის ლიდერებმა მიანიშნეს, "საზოგადოება უნდა ელოდოს ძალიან პრინციპულ პასუხს მთავრობისა და ხელისუფლების მხრიდან იმ შედეგებზე, სადაც ვხედავთ, რომ პრობლემები რჩება".

"პრესა.ჯი" საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა:

-მმართველი პარტიის შეხვედრის დაწყებამდე და მის შემდეგ გაკეთებულმა შეფასებებმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ ელოდით გარკვეულ გადაწყვეტილებებს და შემდეგ რაღაც შეიცვალა.არსებობს ინფორმაცია, რომ საკადრო ცვლილებები მთავრობაში გარდაუვალია და ამ საკითხზე ცხარე კამათსაც ჰქონდა ადგილი. რას გულისხმობდით თვისობრივ ცვლილებებში, რომლის აუცილებლობაზეც საუბრობდით?


-თვისობრივი ცვლილებების მომხრე ახლაც ვარ. ვგულისხმობ ეკონომიკური პოლიტიკის, საკადრო პოლიტიკის შეცვლას, პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. შეხვედრის დასაწყისშიც და მის შემდეგაც მე ისევ ჩემს აზრზე ვრჩები, რომ ქვეყანას სჭირდება თვისობრივი ცვლილებები.

-ანუ თვისობრივი ცვლილებები არ გამორიცხავს საკადრო ცვლილებებს...

-დავასახელე უკვე, რასაც ვგულისხმობ.

-სამთავრობო ცვლილებები რომ იქნება და ეს პირველ რიგში, შეეხება პრემიერ-მინისტრს, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ შეკრებამდე უკვე არსებობდა ინფორმაცია. ითქვა, რომ პრემიერმა სამუშაო კაბინეტი დაცალა და ისე მოვიდა შეკრებაზე. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?


-ვერ დავადასტურებ ამ ინფორმაციას და ვერც უარვყოფ.

- მთავრობაში რადიკალური ცვლილებების აუცილებლობაზე იქონია თუ არა გავლენა იმ პროცესებმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა და თავად ხელისუფლებას როგორ ესმის სისტემის შეცვლის აუცილებლობა?

-იყო ძალიან ცხარე დისკუსია იქიდან გამომდინარე, რომ დისკუსია გახლავთ „ქართული ოცნების“ მუშაობის საშუალებაა. სწორედ მისი გამოყენებით წარიმართა ცხარე დისკუსია და ამ დისკუსიის საგანი იყო ის, თუ რამდენად იყო შესაძლებელი მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრად გაუარესების თავიდან აცილება, ან მკვეთრად შერბილება. საკითხის განხილვისას აზრები გაიყო და მის გარშემო წარიმართა ცხარე დისკუსია.

-ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი ერთ მხარეს იყვნენ, თუ ადგილი ჰქონდა თავის მართლებას?

-პერსონიფიცირებას მოვერიდებოდი, ვინ ვის მხარეს იყო, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა დიდი ხანია, ასეთი გაბრაზებული არ მინახავს. შესაბამისად, დისკუსია მიდოდა თემაზე, შეიძლებოდა თუ არა მიღებული შედეგების მკვეთრად შერბილება, ან თავიდან აცილება, რადგან ჭარბვალიანობა, ინფლაცია და ლარის დევალვაცია განაპირობებს მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლის შემცირებას და ეს თავისთავად გამოიწვევდა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას.

- თქვენი საუბრიდან და გუშინ გაკეთებული შეფასებებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ დღის წესრიგში დგას მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკურ გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი. რატომ აღმოჩნდა ბიძა ივანიშვილისთვის ახალი ამბავი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე?

-ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მართვაში მონაწილეობას არ იღებდა, ის კულისებიდან ადევნებდა პროცესს თვალს და აქედან გამომდინარე, მას არც კანონიერი, არც ფორმალური და არც არაფორმალური საშუალება არ ჰქონდა, ამ პროცესში ჩარეულიყო. ბუნებრივია, ეკონომიკურ მდგომარეობაზე პასუხს აგებს მთავრობის ეკონომიკური ბლოკი და ამ პასუხისმგებლობას არც არავინ გაურბის. მე არ დამინახავს არც ერთი მინისტრი, რომ პასუხისმგებლობისგან თავი აერიდებინა, ან სხვისთვის გადაებრალებინა დამდგარი შედეგები.

-შესაძლებელია, რომ გადაწყვეტილებები იქნას კონკრეტული პერსონების დონეზე?

-„ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეიტინგი დიდწილად დამოკიდებულია მისი ლიდერის პოზიციებზე. მოგვწონს, არ მოგვწონს, კარგია, ცუდია მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ლიდერის პოზიცია ქართული პოლიტიკის სისტემაში განაპირობებს პარტიების რეიტინგულობას, მდგრადობას და პერსპექტივას. ბატონი ბიძინა ადეკვატური პიროვნებაა და ის, როგორც პასუხისმგებლობით გამსჭვალული პიროვნება, განიცდის ყველაფერს, განსაკუთრებით, ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკიურ მდგომარეობას. რიგითმა მოქალაქემ ვერ იგრძნო იმ ეკონომიკური ეფექტის შედეგები, რაც ჩვენ მივიღეთ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდი მაჩვენებლის სახით, ინფლაციის შემცირებით, დევალვაციის პროცესის გაჩერებით. ეს ვერ იგრძნო საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ეს არის ფაქტი და მოგვიწევს ჩვენ ამის აღიარება.