• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო პრინციპებს“

სახალხო დამცველი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტს და მის თანმდევ ცვლილებებს ეხმაურება. 

ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი ცვლილებებით ადგილი აქვს პირთა ფართო წრის მიმართ მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტურ აკრძალვას. 

სახალხო დამცველის აზრით, ცვლილებები აუარესებს უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო პრინციპებს. 

„სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით ყველა თანაბრად უნდა სარგებლობდეს. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი არა თუ ხელმძღვანელობს ზემოაღნიშნული სტანდარტით, არამედ გვთავაზობს სახელმწიფო ორგანოების ვრცელ ჩამონათვალს, რომლებშიც დასაქმებულ პირებზე ვრცელდება მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვა. მათ შორისაა, მაგალითად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურე, საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე.

ისმის კითხვა, თუ რამდენად გამართლებულია ამ პირთა წრისათვის მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტური აკრძალვა, იმ პირობებში, როდესაც ცალსახად არ დგინდება  მათი უშუალო პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე.

ამასთან, უკვე წლებია ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენს მთელ რიგ ორგანოებში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირებისა და ამავე დაწესებულებაში დასაქმებული სამოქალაქო პერსონალის გამიჯვნის საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუმართლებლად ფართოა იმ პირთა წრე, რომელზეც ვრცელდება მშვიდობიანი შეკრების უფლების ბლანკეტური აკრძალვა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების პროცესში განხორციელდეს მსგავსი გამიჯვნა, რაც გამოასწორებს დღეს არსებულ ხარვეზს და დაადგენს უფლების დაცვის მაღალ სტანდარტს," - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს გაითვალისწინოს სახალხო დამცველის მოსაზრებები და გამოთქვამს მზადყოფნას აქტიური მონაწილეობა მიიღოს ცვლილებების საკანონმდებლო განხილვის შემდგომ პროცესში.