• თბილისი
  • 26°C
  • 19 აგვისტო, 2018
article

„მარგველაშვილს მოვუწოდებ, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე გაკეთებული განცხადება განმარტოს“

„გიორგი მარგველაშვილს მოვუწოდებ, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე გაკეთებული განცხადება გაიმეოროს და განმარტოს, რაში მდგომარეობს მისი იდეა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ალბათ, უნდა ვთხოვოთ, გაიმეოროს და გაგვაგებინოს, ამით რისი თქმა სურდა, რა იდეის რეალიზებას ახდენს. უფრო მეტიც, როცა საქმე საპრეზიდენტო ვადის დასრულებას ეხება და ამ მომენტში ამ საკითხის დაყენება ხდება, ეს გაუგებარია. ხუმრობით ვიტყვი, პარლამენტში მისი სტუმრობის დროს, მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსმა" შეაქო და მგონი, ამ კუთხით საერთო ინტერესები იპოვეს. რამის თქმა ძალიან გამიჭირდება, მისი განცხადება მოულოდნელი იყო. საპრეზიდენტო ვადის დასრულების დროს, რუსეთთან დიალოგის სურვილის თვალსაზრისით, მისი ორაზროვანი განცხადება გაუგებარია და მოკლებულია არა მხოლოდ რეალობას, ჩვენი ქვეყნის, მთავრობისა და პარლამენტის პოლიტიკურ პრიორიტეტებს, არამედ კონტექსტიდან და შინაარსიდან მთლიანად ამოვარდნილია", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ  ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაელაპარაკება არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში.