• თბილისი
  • 30°C
  • 24 მაისი, 2018
article

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვაქვს სრულყოფილი კონსტიტუცია

ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობა და გარანტი საქართველოს კონსტიტუციაა, რომლის ახალმა რედაქციამაც უზრუნველყო მისი შესაბამისობა საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს აქვს სრულყოფილი კონსტიტუცია. 

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობა და გარანტი არის საქართველოს კონსტიტუცია, რომლის ახალმა რედაქციამაც უზრუნველყო მისი შესაბამისობა საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს სრულყოფილი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობასა და პლურალიზმს, რომელიც უზრუნველყოფს დაბალანსებულ და მკაფიოდ გადანაწილებულ პასუხისმგებლობას ხელისუფლების შტოებს შორის. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზას ადგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და სახელისუფლებო სტაბილურობის განმტკიცება, რისი გარანტიც სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოა. 

ამ დარბაზში მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, იდგნენ ქართული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის სათავეში, როგორც უზენაესი, ასევე საკონსტიტუციო სასმართლოს სათავეში და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის. 

და ბოლოს, დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესი ღირებულ საფუძველს შექმნის საქართველოსა და ევროპის ქვეყნების როგორც ეროვნული, ისე რეგიონული სასამართლოების ინსტიტუციური დიალოგის განვითარებისთვის და ამით ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის დაახლოებას ევროპულ სამართალთან. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კონგრესს ვუსურვებ წარმატებას”, - განაცხადა პრემიერმა.