• თბილისი
  • 30°C
  • 24 მაისი, 2018
article

„კრიმინალური დაჯგუფების უკან, რომელიც რუსთაველზე ახალგაზრდებს დაუპირისპირდა, ხელისუფლება იყო ამოფარებული“

„მოძალადე, კრიმინალური დაჯგუფების უკან, რომელიც რუსთაველზე შეკრებილ ახალგაზრდებს დაუპირისპირდა, ხელისუფლება იყო ამოფარებული“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა გააკეთა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა, რომ მზარდი კრიმინალი, მათ შორის მზარდი ნარკოდანაშაული, ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია, რადგან მათ კრიმინალი მოკავშირედ გაიხადეს. 

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოკავშირედ გაიხადა კრიმინალი. ის კრიმინალური ჯგუფების საშუალებით თავს ესხმოდა პოლიტიკურ ოპონენტებს. კრიმინალურ მოძალადე ჯგუფებს ჩვენ ვხედავდით აქციებზე, არჩევნებზე. ახლა სწორედ ეს ჯგუფები დაუპირისპირეს ახალგაზრდებს - იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სულ სხვა სულისკვეთებით არიან გაზრდილი და არ დაუკრავენ 31-ჯერ ტაშს ბიძინა ივანიშვილს. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომელთაც არ მიუციათ ქრთამი პოლიციისთვის და არ ენატრებათ 27 ლარად მოსკოვში გადაფრენა. თქვენ მათ ის მოძალადე ჯგუფები დაუპირისპირეთ, რომელთაც ხშირ შემთხვევაში, პატრიოტებს ეძახით. 

თქვენ იდენტობა სწორედ ასეთ კრიმინალური ჯგუფების მიმართ გაქვთ. ეს ყველაფერი თქვენი სრული კრახით დასრულდება. თქვენ ეს ახალგაზრდები გადაგიყოლებენ - ეს ახალგაზრდები გააკეთებენ იმას, რომ ხელისუფლებაში თქვენნაირი ადამიანები აღარ იქნებიან“, - მიმართა “ქართულ ოცნებას“ სერგო რატიანმა.