• თბილისი
  • 30°C
  • 24 მაისი, 2018
article

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ცვლილებები იქნება

გედევან ფოფხაძე და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა ურჩი დეპუტატები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით კმაყოფილი დარჩნენ იმის მიუხედავად, რომ ისინი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის იმ შეხვედრაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა არ მიიწვიეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.

მისივე თქმით, თავად ადრეც ამბობდა, რომ ივანიშვილის დაბრუნდება პოლიტიკურ გუნდს გააერთიანებდა და არსებულ გამოწვევებზე სათანადო პასუხის გაცემის შესაძლებლობას მისცემდა.

„ეს ის ნაბიჯია, რომელიც გააერთიანებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და მისცემს საშუალებას, რომ იმ გამოწვევებს, რაც არის ჩვენ წინაშე, ღირსეულად გავცეთ პასუხი. ნამდვილად მიმაჩნდა და აქამდეც ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ სივრცეში გვაძლევს იმ დამატებით რესურსს, რაც მას, როგორც პოლიტიკოსს,იმ ავტორიტეტის სახით რაც მას გააჩნია, შეუძლია ქართულ პოლიტიკას შესძინოს“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

აღნიშნულის პარალელურად, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში ცვლილებებს ელოდებიან. 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას, პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ცვლილებები არ იგეგმება სამთავრობო გუნდში. 

„ცვლილებები იქნება პოლიტსაბჭოში. ამას შემდეგ გადაწყვეტს პარტიის ახალი ხელმძღვანელობა ანუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სავარაუდოდ აუცილებლად იქნება არჩეული პარტიის თავმჯდომარედ. როდესაც ბიძინა ივანიშვილი მიდიოდა პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან, ეს არ იყო ნამდვილად პარტიის სურვილი და პირველივე დღიდან თავად გიორგი კვირიკაშვილი სთავაზობდა ბატონ ბიძინას , რომ იგი დაბრუნებულიყო პარტიის თავმჯდომარედ და მან ეს გადაწყვეტილება მიიღო , რომ დათანხმდა ჩვენს წინადადებას. გარწმუნებთ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე არანაირი სერიოზული ცვლილება მთავრობაში არ იგეგმება,“-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. 

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ბრუნდება. გადაწყვეტილება მმართველი გუნდის დღევანდელ შეხვედრაზე იქნა მიღებული. 

​შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მის შეთავაზებას დათანხმდა. 

ივანიშვილი პარტიას ოფიციალურად ყრილობის შემდეგ უხელმძღვანელებს.

თეგები :