• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

„ეროვნული ბანკი ჭკუის მასწავლებელი არ უნდა იყოს კომერციულ ბანკსა და მოქალაქეს შორის“

საპარლამენტო ოპოზიცია მცირე ბიზნესისთვის დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის – 100,000 ლარიანი ზღვრის 200,000 ლარამდე გაზრდას ითხოვს.

საქმე ეხება მთავრობის მიერ „საგადასახადო კოდექსში„ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის შესახებაც „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაუარესებული ეკონომიკური გარემოთი დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილება ვერ უშველის.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მთავრობის მიერ ინიცირებულ „საგადასახადო კოდექსს“ დღეს განიხილავს.

PRESA.GE საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს ესაუბრა:

- წარმოდგენილი საგადასახადო კოდექსის ცვლილებებით რა სარგებელი ექნება მოსახლეობას, რომელიც მცირე ბიზნესის ხელშეწყობით არის მოტივირებული?

- მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი არის სახეშეცვლილი ვარიანტი იმ კანონპროექტისა, რომელიც პარლამენტში 6 თვის წინ წარმოვადგინეთ. ეს არის მისი დამახინჯებული და გაუარესებული ვერსია. ერთი მხრივ, გაითვალისწინეს  წინადადებები, რაც ჩვენ გვქონდა, თუმცა მაშინ ჩაგვიგდო პარლამენტმა და მეორე მხრივ, გამოაკლო ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიც არის დღგ-ს ქვედა ზღვრის აწევა, რომ ბრუნვის მქონე ნებისმიერი მეწარმე 100 ათას ლარს თუ გადააჭარბებს, იბეგრება დღგ გადასახადით. ლარის გაუფასურების შემდეგ, 100 ათასი ლარი სხვა ზომა-წონისაა, ვიდრე იყო ამ კანონის თავის დროზე მიღების პერიოდში. ამიტომ, ჩვენ შემოვდივართ განმეორებით ალტერნატიული წინადადებით, რომ 200 ათას ლარამდე იყოს აწეული დღგ-ს ბრუნვის ზედა ზღვარი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მცირე ბიზნესის მდგომარეობას. 

სინამდვილეში, დღეს ამ კანონპროექტით 100 ათასიდან 500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე მცირე ბიზნესი გადაიხდის 19%-ს, საიდანაც 18% არის დღგ და 1% ბრუნვის გადასახადი. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც დავუჭერთ მხარს, თუმცა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ როგორც ჩვენგან გადაიღეს კანონპროექტი, ასევე გაითვალისწინონ ჩვენი რჩევა და ასწიონ დღგ გადასახდი.

- ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 7 მაისიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია, რომლითაც იზღუდება მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი შეფასების გარეშე სესხების გაცემა. კერძოდ, ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს. ნიშნავს თუ არა ეს მომხმარებლის დაცვას, რომელის ფინანსური განათლება დაბალია? 

- ეს არის რეგულაციები, რომელთა განხორციელება არავითარ სიკეთეს არ მოიტანს. ეს ზღუდავს კონკურენციას, ქმნის საბანკო მონოპოლიებს. ამის გარდა, ეს ფაქტობრივად ადამიანის საკუთარი ქონების თავისუფლად განკარგვის უფლებასაც ზღუდავს. თუ უკვე ბრძანების სახით არ გამოვიდა, არსებობს იდეა, რომ ადამიანი ვერ აიღებს სესხს ქონების იმ რაოდენობით ჩადების შემთხვევაში, რა რაოდენობითაც თავად სურს, რადგან ეროვნული ბანკი ნორმატივს უწესებს კომერციულ ბანკებს. საფინანსო ინსტიტუტებში ზედმეტი ჩარევა იწვევს პროდუქტის გაძვირებას, მომსახურების გაუარესებას და ამ სისტემის მონოპოლიზებას ამ ჯგუფების ხელში.

- იდეის დონეზე აღარ ჰქვია, რადგან ცნობილია, რომ მაისიდან სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი 50%-ზე მეტი ვერ იქნება, ანუ თუ ბინა ღირს 100 ათასი ლარი, ბანკი 50 ათასზე მეტს არ გასცემს. ეს კარგია?

- ეს არის ცუდი რეგულაცია, კომერციულ ბანკს აქვს იმდენი ჭკუა და გონება და თავისი რისკით მოქმედებს, რომ მან განსაზღვროს რა სესხი გასცეს და როგორი გირაოთი იყოს ის დატვირთული. კომერციული ბანკისადმი ეროვნული ბანკის მხრიდან ზედმეტი მეურვეობა არავითარ დადებით შედეგს არ მოიტანს. პირიქით, ამ შემთხვევაში, ის ზღუდავს ბანკების თავისუფლებას, რაც საბოლოო ჯამში პროდუქტის გაძვირებამდე მიგვიყვანს.

- ეროვნული ბანკის არგუმენტი ის არის, რომ მოქალქეებს აქვთ დაბალი ფინანსური განათლება და თავად ვერ საზღვრავენ, შეუძლიათ თუ არა აღებული ვალის მომსახურება. რამდენად დამაჯერებელია ასეთი მოსაზრება?

- ეროვნულ ბანკს მოსახლეობა ბრიყვად ნუ მიაჩნია. როდესაც ადამიანი სესხს იღებს, მან იცის, რატომ, რისთვის იღებს და ხშირად ის გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი იღებს. ეროვნული ბანკი ჭკუის მასწავლებელი არ უნდა იყოს კომერციულ ბანკსა და მოქალაქეს შორის. საჭიროა მეტი განათლება, რაზეც უნდა იზრუნოს ეროვნულმა ბანკმა და არა იმაზე, რომ წელიწადში ერთხელ, 1 ცალი ბუკლეტი გამოსცეს. მეტი მუშაობაა საჭირო კლიენტებთან და არა ადმინისტრაციული შეზღუდვით რაღაც პრობლემების მოგვარება.

თეგები :