• თბილისი
  • 30°C
  • 24 მაისი, 2018
article

საპარლამენტო უმრავლესობაში კანონის სახელწოდებას იწუნებენ

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს კრიტიკული შენიშვნები აქვთ არა კანონის, არამედ მისი სათაურის ფორმულირების მიმართ.

საქმე ეხება "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთან შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში “არაარსებითი ცდომილებების“ გამოვლენის შემთხვევაში, თანამდებობის პირის დაჯარიმების ნაცვლად, მისი გაფრთხილება მოხდება.

"საკმაოდ მძიმე სათაური აქვს კანონს" - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, რომლის განმარტებით, კანონი ეხება ადამიანებს, რომელთა ავტორიტეტიც კანონის ამდაგვარი სახელწოდებით ფეხქვეშ არ უნდა გაითელოს.
"სათაურის ფორმულირება გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ის დანაშაული, გადაცდომა ან შეცდომა, რომელიც შეიძლება საჯარო მოხელეს ჰქონდეს. ასეთი სათაურით დისკრედიტაცია ხდება ადამიანის, ვინც ქონებრივ დეკლარაციაში ბინის ფართის 65კვ.მ ნაცვლად, 60კვ.მ მიუთითა და ამის გამო 1000 ლარით ჯარიმდება. ასეთი შეცდომების გასწორების საშუალება უნდა იყოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კანონის სახელწოდებასთან დაკავშირებით დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ მყვირალა სახელი - “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ ძალიან სწორი და აუცილებელია.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ არავის გაუჩნდება კანონის სახელის შეცვლის სურვილი, რაც არც ერთი მოწვევის პარლამენტს არ გაუკეთებია.


“საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, თანამდებობის პირებს ქონებრივი დეკლარაციის არასწორად და არასრულად შევსების შემთხვევაში, 1000-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, თანამდებობრივი სარგოს 25%-ის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

პროექტით, ასევე დადგენილია ჯარიმის მინიმალური ოდენობა, რაც 500 ლარი იქნება, თუმცა უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ ჯარიმის ოდენობა კიდევ უფრო მეტად უნდა შემცირდეს.
პარლამენტში “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა.

თეგები :