• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

კორუფცია შეწყალების კომისიაში - პროკურატურამ შესაძლოა გამოძიება დაიწყოს...

მას შემდეგ, რაც მარგველაშვილის მიერ შეწყალებულმა კიდევ ერთმა მოძალადემ ადამიანი მოკლა, საზოგადოებისათვის კვლავ ნათელი გახდა ის გარემოება რომ პრეზიდენტი პატიმრებს უცნაური ან სულაც პირადი ინტერესების მიხედვით იწყალებს. 

მარგველაშვილის მიერ შეწყალებულმა ვეფხია ბაქრაძემ, რომელიც სასჯელს ცოლის ქვით ცემისათვის იხდიდა,  25 წლის გოგოს მოუსწრაფა სიცოცხლე. 

მანამდე, მკვლელობისათვის მსჯავრდებულმა „ოქრიკამ“, რომელიც ასევე მარგველაშვილმა შეიწყალა, აბაშიძეზე მოკლა 24 წლის ბიჭი. 

მარგველაშვგილის შეწყალებულმა „ბარიგებმა“ კი, კვლავ სცადეს ნარკოტიკების რეალიზაცია. 

მოკლედ, ვითარების სიმძიმე მხოლოდ ამ ფაქტებიდანაც ნათლად ჩანს, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის.

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, პროკურატურამ შეწყალების კომისიის რამდენიმე წევრის საქმიანობის კანონიერების შესწავლა დაიწყო. 

კერძოდ: პროკურატურას აქვს მოწმეთა ჩვენება შეწყალების კომისიის „ზოგიერთი წევრის უკანონო საქმიანობის თაობაზე“. 

საუბარია ორი, ძალადობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის შეწყალების სანაცვლოდ მატერიალურ დაინტერესებაზე. 

ამას ემატება თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ქართული ოცნებიდან, თემურ გორგაძის დაკავებაც. 

სუსის განცხადებით, გორგაძე შეწყალების კომისიაში საქმის ჩაწყობის სანაცვლოდ, მოქალაქეს 7 ათას დოლარს სთხოვდა. ის, ქრთამის ნაწილის აღების მომენტში დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა... 

ბატონმა გორგაძემ გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა და როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ: „მან მნიშვნელოვანი ფაქტები მიაწოდა გამოძიებას“. 

რაც შეეხება შეწყალების კომისიას, პროკურატურაში არ გამორიცხავენ რომ „საჭიროების შემთხვევაში, შეწყალების კომისიის როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრები დაკითხონ“. 

შეწყალების კომისიაში, მოსალოდნელი დაკითხვის თაობაზე ინფორმაცია არ აქვთ, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჰგონიათ რომ "ყოველივე ეს, მარგველაშვილის მიმართ დაგეგმილი "შავი პიარის" ნაწილია". 

თეგები :