• თბილისი
  • 33°C
  • 19 ივლისი, 2018
article

„ანა დოლიძე ემსახურებოდა რუსეთის ინტერესებს ქართული ჯარის საწინააღმდეგოდ“

​მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტის დირექტორი უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის მეუღლე და ასევე, უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის ნათესავია – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საუბრობს, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნის პოლიტიკურობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტის დირექტორი, ქალბატონი თინათინ აბრალავა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვანო ზარდიაშვილის მეუღლე და ამავე დროს, ფრაქციის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ნათესავია. ეს ძალიან დიდ ზიანს აყენებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს. ეს ფაქტი, მჭიდრო ნათესაური კავშირი დეპარტამენტის დირექტორის „ქართული ოცნების“ ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან და თანამდებობის პირებთან, აჩენს ძალიან დიდ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება მოხდეს პროცესის პოლიტიკური მანიპულირება“, – აცხადებს ანა დოლიძე.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც ჟურნალსიტებს განუცხადა, რომ მისი მეუღლე თინათინ აბრალავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რვა წელია მუშაობს.

- ანა დოლიძის ბრალდებებში აქცენტი ნათესაურ კავშირებზე კეთდება. რაში სჭირდება მას ამაზე საუბარი, ემსახურება თუ არა პრეზიდენტის ინტერესებს?

- ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის წარმომადგენელია და ყველაფერს აკეთებს, რომ ის შეწყალებები გადაფაროს, რომელიც მარგველაშვილმა ქორიძისა და ბაქრაძის საქმეებზე განახორციელა. ჩემი მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ დროიდან მუშაობს, როდესაც აზრადაც არ მქონდა, რომ პოლიტიკაში მოვხვდებოდი. შესაბამისად, იმაზე მსჯელობა, რომ შეიძლება რაიმე ზემოქმედება მოხდეს, აბსურდულია და ანა დოლიძის ფანტაზიის წყაროა. ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თუ სკოლაში საკუთარი ოჯახის ნათესავები კარგად მოიკითხოს. თუ ის იტყვის, რომ მასზე ყოფილი მეუღლე გავლენას ახდენს, ამ საკითხზე შემდეგ ვიმსჯელებ. ანა დოლიძის ყოფილი ქმარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლის ხელმძღვანელია. იურისტებისგან უნდა მოითხოვოთ დასაბუთება ან ფაქტები, დანარჩენი ნებისმიერი საუბარი ორღობის ჭორაობაა. ანა დოლიძე პრეზიდენტის წარმომადგენელია და ალბათ, მათ შეთანხმება აქვთ, რომ მარგველაშვილის ძალიან შტერული შეწყალებები გადაფარონ და აქცენტები რამენაირად სხვა საკითხებზე გააკეთონ. ეს ის ანა დოლიძეა, რომელიც ქართული ჯარის წინააღმდეგ რუსების მხარეს მუშაობდა. 

- მან განმარტა,  რომ ქართულ ჯართან დაკავშირებული ბრალდება სიმართლეს არ შეეფერება...

- ის კომპანია, რომელიც ჰოლანდიაში იყო დარეგისტრირებული, არის რუსული კომპანია და სწავლობდა ქართული ჯარის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ანა დოლიძე ემსახურებოდა რუსეთის ინტერესებს ქართული ჯარის საწინააღმდეგოდ.

- უმრავლესობის შიგნით დაპირისპირების მოგვარება მიმდინარე კვირაში იგეგმება. თქვენ რა პოზიცია გაქვთ იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც კვირაზე მეტია დაპირისპირებული მხარეების მხრიდან ისმის?

- ჩვენ ვიხილეთ ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადება კოლეგების მიმართ. მე ამ მორევში არ ჩავერევი, დაველოდები გუნდის გადაწყვეტილებას. რა თამაშის წესებიც იქნება შემოღებული, აუცილებლად ყველა წესს დავემორჩილები. სურვილი არ მაქვს, დავემსგავსო იმ კოლეგებს, რომლებიც ტელეეთერებიდან შეურაცხყოფას აყენებენ კოლეგებს

- რას გულისხმობთ წესების მორჩილებაზე. ზუსტად იცით, რომ ახალი წესები „თამაშის წესები" უნდა დაწესდეს?

- ეს არის როგორც დაწერილი წესები, არსებობს ასევე მორალური, ზრდილობის წესები, რომ კოლეგას არ მიაყენო შეურაცხყოფა ტელეეთერით, როდესაც გაქვს საშუალება, შეხვდე მას სხდომათა დარბაზში, კომიტეტზე, ან სხვაგან. ლანძღვა პოლიტიკური კულტურის გამოვლენის კარგის საშუალება არ არის.

თეგები :