• თბილისი
  • 33°C
  • 19 ივლისი, 2018
article

გედევან ფოფხაძე: უმრავლესობის „ჩატის“ წევრი არასდროს ვყოფილვარ

საპარლამენტო უმრავლესობიდან პროტესტის ნიშნად წასული გედევან ფოფხაძე დღეს პარლამენტში მივიდა. ფოფხაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში კომუნიკაციის პრობლემა არსებობს და ის ემზადება იმ შეხვედრისთვის, რომელიც მმართველი გუნდის დეპუტატებს შორის მომავალ კვირაში გაიმართება.

PRESA.GE საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გედევან ფოფხაძეს ესაუბრა:

- ირაკლი კობახიძისგან უკვე არაერთხელ ითქვა, რომ თქვენ დაარღვიეთ პარტიული დისციპლინა, რითაც შეურაცხყოფა მიაყენეთ კოლეგებს და აუცილებელია გარკვეული ქცევის კოდექსის შემოღება, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს. თქვენ დაემორჩილებით დისციპლინარულ წესებს?

- გააჩნია, რა დისციპლინაზეა საუბარი. ჩვენ რომ ერთმანეთის მიმართ კორექტული უნდა ვიყოთ, ამას არანაირი ოფიციალური წესები არ სჭირდება. ეთიკის ნორმები ისედაც არსებობს და დამატებითი რეგლამენტაცია არ სჭირდება. შეურაცხყოფად მიმაჩნია ის, რომ ჩემი, როგორც დეპუტატის პოზიცია იგნორირებულია. ვერ ვახერხებ, დავარწმუნო ჩემი კოლეგები ჩემი პოზიციის სისწორეში და გადაწყვეტილება ისე იცვლება, რომ ჩემთვის ფაქტობრივად არაფერია ცნობილი. მიმაჩნია, რომ ეს ჩემთვის არანაკლებად შეურაცხმყოფელია და უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ საზოგადოება არ იყოს შეურაცხყოფილი ჩვენი არასწორი ფორმით მიღებული არასწორი გადაწყვეტილების გამო. პოლიტიკურ დისციპლინას რაც შეეხება, შეიძლება წესები არსებობდეს, მაგრამ წესებმა პარლამენტის წევრი თავისუფალი აზრის მქონე პოლიტიკოსიდან  კონიუნქტურაზე მორგებულ ჩინოვნიკად არ უნდა აქციოს.

- იქნებ, კიდევ დააკონკრეტოთ, რა მოხდა ნინია კაკაბაძის კანდიდატურის დამტკიცებისას გამოთქმული პროტესტის უკან?

- ბოლო კენჭისყრასთან მიმართებაში პრობლემა იყო, რადგან დახურულ სხდომაზე ვისაუბრეთ, გვქონდა საერთო პოზიცია, მეორე დღეს კი, "ჩატის" მეშვეობით იყო შემოთავაზებული განსხვავებული პოზიცია. მე ეს არ მიმაჩნია ჯანსაღ პროცედურად, ასეთი რამ თეორიულადაც არ უნდა არსებობდეს. თუკი  გაიწერება პროცედურები და მოგვეცემა საშუალება საკუთარი პოზიციები ვამტკიცოთ, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ არასწორი გადაწყვეტილებების არასწორი ფორმით მიღება აღარ მოხდეს.

- „ჩატის“ საშუალებით ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა ვინ შემოგთავაზათ მამუკა მდინარაძემ თუ უმრავლესობის ლიდერმა?

- მე ჩატთან არაფერი შეხება არ მაქვს და არც უმრავლესობის "ჩატის" წევრი არასდროს ვყოფილვარ. უმრავლესობის წევრი კი ვარ, მაგრამ არა მგონია, რეგლამენტით ვალდებული ვიყო, რომ "ჩატის" წევრიც ვიყო. არ მომწონს პოლიტიკური ურთიერთობის ეს ფორმა. აუცილებელია, როდესაც საკითხები იხილება ერთმანეთს თვალებში  ვუყურებდეთ და გადაწყვეტილებას ისე ვიღებდეთ.


- რამდენად  რეალურია მოსაზრება, რომ ირაკლი კობახიძემ პროცესების სხვანაირად გადალაგება მოინდომა, რასაც წინ აღუდექით, რადგან ნინია კაკაბაძე იყო საბაბი და არა მიზეზი. საუბრობენ ძველ და ახალ გუნდებზე. თქვენ რა არ მოგეწონათ, ან მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით უმრავლესობის შიგნით?

- არც ეს კონკრეტული შემთხვევა მომეწონა, მაგრამ რაღაც დონეზე უმრავლესობაში კოლეგიალობა დაცული უნდა იყოს. თუ ეს არ ხდება, მაშინ ამ საკითხზე მსჯელობის საშუალება მაინც უნდა მოგვეცეს. არ ვყოფ მე დეპუტატებს ახალგაზრდა და ძველგაზრდა გუნდებად. რადგან ჩემი განწყობა ბევრისთვის აღმოჩნდა ახლობელი, ეს იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობაში იყო კომუნიკაციის პრობლემა და ეს პრობლემა უნდა გამოსწორდეს. დავით ჭიჭინაძე ჩემი მეგობარი და ბევრ საკითხში თანამოაზრეა. ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით წინა მოწვევის პარლამენტის დროს, როცა თავად დეპუტატი არ გახლდათ. ძალიან სოლიდარული და გვერდში მდგომი ადამიანია და მგონია, რომ დავით ჭიჭინაძის პოზიციებიც ანგარიშგასაწევია. ამის გარდა,  ბევრი კოლეგისგან მომისმენია გულისტკივილი იმის თაობაზე, რომ არავითარი სრულფასოვანი კომუნიკაცია უმრავლესობაში არ არსებობს. ბუნებრივია, თუ ასეთი საკითხები დღის წესრიგში დგება, უნდა გამოსწორდეს. თუკი ვიღაცა ჩათვლის, რომ გადაწყვეტილების მიღება სხვაგან ხდება და პარლამენტში მხოლოდ დადასტურებაა საჭირო, პარლამენტის წევრების მხოლოდ ღილაკზე ხელის დამჭერებად გადაქცევა სწორი არ იქნება.

- დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა და გიორგი კვირიკაშვილს შორის იმდენად დიდია, რომ შეიძლება საპარლამენტო უმრავლესობა ორ ნაწილად გაიყოს?

- საერთოდ არ ვუსვამ ხაზს, რომ ასეთი დაპირისპირება არსებობს. აზრთა სხვადასხვაობაა, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ ადამიანები ერთმანეთს ეკამათებიან. 115 ადამიანში რომ განსხვავებები იქნება და პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობის ლიდერს შეიძლება თავისი აზრით ჰქონდეთ, ან შეეკამათონ ვინმეს, ეს დაპირისპირების წინაპირობა კი არა, ჯანსაღი პროცესია.

- თავის დროზე საკმაოდ მკაფიოდ განაცხადეთ უმრავლესობის დატოვების შესახებ, მოგვიანებით კი ფორმა შეცვალეთ. ეკა ბესელიამ მაშინ განაცხადა, რომ ამხანაგური სასამართლოების მოწყობა არ შეიძლება და ნურავინ ჩქარობს გედევან ფოფხაძის უმრავლესობიდან წასვლას. ვინმემ გადაგაფიქრებინათ უმრავლესობის დატოვება?

- ჯერ ერთი,  უმრავლესობაში არაერთი თანამოაზრე მეგობარი და თანამებრძოლი მყავს, რომლებთან ერთადაც გამომივლია გზა, ვიდექით საერთო ღირებულებებზე და ეს დასაკარგი არ არის.  თუ ვიღაცას მიაჩნია, სირცხვილით უნდა წავიდეს უმრავლესობიდან გედი ფოფხაძე, არც ესაა სწორი და თუ რამეა გასარკვევი, მე არსად არ გავრბივარ. თუ ჩათვლიან, რომ უმრავლესობის პრობლემები გედევან ფოფხაძით არის გამოწვეული, მაშინ შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. მე უნდა მქონდეს შესაძლებლობა, რომ სადაც ვიყავი და რამდენიმე წელი ჩემს საქმეს ვაკეთებდი, მქონდეს უფლება დავიცვათ ჩვენი პრინციპები და ღირებულებები, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს ერთად ბრძოლით მოვიპოვეთ.

თეგები :