• თბილისი
  • 33°C
  • 19 ივლისი, 2018
article

RMG GOLD -ის საქმიანობა პარლამენტის ინტერესის საგანი გახდა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საყდრისის აფეთქებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ანალოგიური ინიციატივით, რამდენიმე კვირის წინ ფრაქცია "ევროპული საქართველო" გამოვიდა, რის გამოც პროცედურული გაუგებრობა მოხდა პარლამენტის ორ ოპოზიციურ პარტიას შორის.

"პრესა.ჯი" საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძეს ესაუბრა:

- ვინ მოითხოვა RMG GOLD-ის- თან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა და რას უკავშირებთ პროცედურულ გაუგებრობას, რომელიც "ევროპულ საქართველოსთან" მოხდა?

- საყდრისის აფეთქებასთან და RMG GOLD-ის მიერ ეკოლოგიურ თუ სხვა სახის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვეთ დროებითი  საგამოძიებო კომისიის შექმნა 1 კვირის წინ, დავარეგისტრირეთ და სასიამოვნოა, რომ აღნიშნული პრობლემა სხვა პარტიებსაც აინტერესებთ. არავითარი გაუგებრობა არ მომხდარა. ტექნიკური საკითხი იყო, რეგისტრაციისა და შემდგომი განვითარების პროცესში. როგორც ჩანს, ორი ფრაქციის მოთხოვნით საკითხი განხილული იქნება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან საყდრისში ძალიან ბევრი რამ ხდება საგანგაშო.

- რას გულისხმობთ?

- თუნდაც ის, რომ კომპანია, რომელმაც სამი წლის განმავლობაში ქვეყნიდან გაიტანა 1, 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს და სპილენძის მადანი. ის თავის განცხადებაში ამაყობს, რომ  5 მილიონიანი ინვესტიციები განახორციელა რეგიონულ ბიუჯეტში, ანუ საუბარია ზღვაში წვეთზე. ყველაფერი გამოსაძიებელია, აფეთქებით დაწყებული გაგრძელებული ეკოლოგიური ზიანით და პარლამენტი ვალდებული იქნება, თუ კომისიას არ შექმნის, საჯაროდ მაინც იმსჯელოს კომისიის შექმნის გადაწყვეტილების შესახებ

"პრესა.ჯი" ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრს, სერგო რატიანს ესაუბრა:

- იყო თუ არა, რეალურად გაუგებრობა საყდრისისა და RMG GOLD-თან  დაკავშირებით და რა კითხვები არსებობს თქვენი მხრიდან ამ კომპანიის საქმიაბოასთან დაკავშირებით?

- ჩვენ 3 კვირის წინ მოვითხოვეთ გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარება, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება და ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება ჩაერთოს ამ განხილვაში. ამასთან, ჩვენ დავარეგისტრირეთ მოთხოვნა, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით როგორც საყდრისის აფეთქების, ისე გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, პარლამენტში ორი პარტიის მოთხოვნაა დაფიქსირებული. ამის გარდა, საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, რომ აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც განიხილავს როგორც საყრდისის ნგრევის ფაქტს, რომელიც დღემდე გამოუძიებელია, ასევე გარემოსადმი მიყენებულ ზიანს და ხელისუფლების ჩართულობას ამ საქმეში.

- გამოდის, რომ ოპოზიციის ინიციატივის ორივე ვარიანტი გახდება განხილვის საგანი?

- ამაში არაფერი არ არის განსაკუთრებული. წინა  მოწვევის პარლამენტში ერთი და იგივე მოთხოვნა ჰქონდათ „თავისუფალ დემოკრატებს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ და  როგორც გახსოვთ, ორივეს განხილვა გაიმართა. ძალიან კარგია, როცა ასეთი ინიციატივები არსებობს.

თეგები :