• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

„ჟურნალისტებმა და პედაგოგებმა მეტყველების სპეციალური სავალდებულო ტრენინგი უნდა გაიარონ“

„გამართული მეტყველებისთვის ჟურნალისტებმა და პედაგოგებმა სპეციალური სავალდებულო ტრენინგი უნდა გაიარონ“, -  ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ  განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ გიორგი ალიბეგაშვილს უსმენენ.

მისი თქმით, გამართული მეტყველების კუთხით დეპუტატებსაც აქვთ პრობლემები და მსგავსი სახის ტრენინგი მათაც ესაჭიროებათ.

„კარგი იქნება, თუ გამართული მეტყველებისთვის ჟურნალისტები და მასწავლებლები წელიწადში ერთხელ მაინც სპეციალურ სავალდებულო ტრენინგს გაივლიან. ამ ადამიანებს ყველაზე მეტი ზეგავლენა აქვს საზოგადოებაზე, ამიტომ პირველ რიგში, ისინი თუ გაივლიან მსგავს ტრენინგს და აიღებენ სერტიფიკატს ძალიან კარგი იქნება. მეტყველების დროს შეცდომები ჩვენც გვიჭირს პარლამენტარებს, ამიტომ დეპუტატებიც, ვინც ხშირად ვჩანვართ მედიაში და მივმართავთ მოქალაქეებს, კარგი იქნება თუ მსგავს ტრენინგს გავივლით, რადგან ეს გვჭირდება“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, დეპარტამენტი ამ მიმართულებით რესურსების მოძიებაზე მართლაც ფიქრობს.

მისი თქმით,სკოლებში სწავლების დროს მართლაც ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ და სწორედ ეს არის სათავე იმ პრობლემებისა, რასაც შემდგომ ვიღებთ. იგივე პრობლემა გვაქვს ჟურნალისტებთანაც. ამიტომ შეიძლება ჟურნალისტებს ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, რათა გამართულ მეტყველებას დაეუფლონ. 

პარლამენტის წევრის თემურ ჭკუასელის თქმით, მსგავსი შეცდომები პარლამენტარებსაც მოსდით.

„არ მინდა სახელი და გვარი დავასახელო, მაგრამ მაგალითად, იყო შემთხვევა როცა ქალბატონი დეპუტატი იდგა ტრიბუნასთან და ამბობს ასეთ რამეს  – მე აღარ განვმეორდებიო. კი ბატონო, იყოს განუმეორებელი, მაგრამ აუცილებელი ხომ არაა ეს პარლამენტის ტრიბუნიდან გვითხრას. ესეც ტერმინოლოგიის არასწორად გამოყენება და სიტყვებით კეკლუცია“, – განაცხადა თამაზ ჭკუასელმა.

თეგები :