• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

ირაკლი კობახიძე: მმართველი გუნდი პარტიების დაფინანსების ფორმულის გადასინჯვას გეგმავს

მმართველი გუნდი პარტიების დაფინანსების ფორმულის გადასინჯვას გეგმავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების თაობაზე მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

​მისი განცხადებით, პარლამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას შესაბამის ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება შევიდეს „საარჩევნო კოდექსში“ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები. 
მისი თქმით, ასევე, ჩვენ მზად არის, მუშაობა დაიწყოს ცვლილებებზე, რომელიც უნდა შევიდეს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში. 

„დღევანდელი კანონი იმსახურებს კრიტიკას, მათ შორის დაფინანსების წესი. არსებული დაფინანსების წესი თავის დროზე მორგებული იყო მმართველი პარტიის ინტერესებზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა და გადავსინჯოთ ის ფორმულა, რომელიც არ უწყობს ხელს პარტიების სისტემის განვითარებას. პარტიების დაფინანსება განაწილებულია 20 პოლიტიკურ პარტიაზე. ყველამ იცით, რომ საქართველოში 20 პოლიტიკური პარტია რეალურად არ არსებობს და ხელოვნურად არის დანაწევრებული პარტიების დაფინანსება. ასეთ პირობებში მოგებული რჩებოდა მმართველი პარტია, რომელსაც კერძო დაფინანსების მობილიზების მეტი რესურსი ჰქონდა. ეს ფორმულა არ არის სამართლიანი და შესაცვლელია. უნდა გადაისინჯოს იმგვარად, რომ გაიზარდოს რეალური ოპოზიციური პარტიების დაფინანსება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დაიწყება ფართო კონსულტაციები, პირველ რიგში საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან.

თეგები :