• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

ირაკლი სესიაშვილი: მზად ვართ, ცხინვალში სამხარაულის ექსპერტები გავგზავნოთ

"დამაჯარებელი არ არის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი კიბეზე დაგორდა და ამის შედეგად გარდაიცვალა."

ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე სეპარატისტული რეჟიმის მორიგი მსხვერპლია.

ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტების გასაგზავნად მზად არის.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე ჩართულია პროცესში და ცხელი ხაზის მეშვეობით ცდილობს დაადგინოს, რეალურად რა იყო გარდაცვალების მიზეზი. ყველა დონეზე ჩვენ ამ ფაქტზე მოვახდენთ რეაგირებას და მოვითხოვთ პასუხისმგებლობას.

მეტიც, ჩვენ მზად ვართ, სამხარაულის ექსპერტები გავგზავნოთ, რამდენადაც ეს მძიმე ფაქტი ზოგადად, ზეგავლენას მოახდენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლესა და მომავალ მშვიდობიან ყოფნაზე იქ“, – განაცხადა ირაკალი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას ე.წ. ოთხოზორიას სიის შემქმნისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში ბრალდებული პირებისთვის სანქციების დაკისრების თაობაზე, ირაკლი სესიაშვილის თქმით, ყველა ადამიანი, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ისედაც სისხლის სამართლის დევნის ობიექტი გახდება და თუკი ინიციატივა რამე სხვა ფორმით გამოკვეთს და დაიცავს ქვეყნის ინტერესებს, ის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს.

თეგები :