• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

"პოლიტიკურ პროცესში სამართლებრივი საკითხების გადმოტანა აზიანებს სამართლებრივ პროცესს"

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას არ ეთანხმებაპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საგამოძიებო საკითხები არ უნდა გადავიდეს პოლიტიკურ პროცესში და გამოძიების შედეგები იმ ორგანოს უნდა მოეთხოვოს, რომელსაც ევალება.

„დღესაც ეს პოზიცია მაქვს, რომ პოლიტიკურ პროცესში სამართლებრივი საკითხების გადმოტანა აზიანებს სამართლებრივ პროცესს. საქმეზე გამოძიების დროს ყველა ინსტრუმენტი, რაც კი შეიძლება გამოიყენოს საგამოძიებო უწყებამ, იქნება მოწმეთა დაკითხვა, მასალების მოპოვება თუ გარკვეული ჩვენებების მიღება ყველა შესაძლო პირის მხრიდან, ეს ხელეწიფება საგამოძიებო ორგანოს. ასეთი საქმის გადმოტანა პოლიტიკურ ორგანოში მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი იქნება. რომ წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რა უნდა მოხდეს ამის შემდეგ ამ საქმეზე? პარლამენტმა რომ დაიწყოს დაკითხვები, დაიწყოს კამერების ამოღება, საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და ეს არ იქნება პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი და თუ იქნება, რაიმე სარგებელი შეიძლება ამ შედეგს მოუტანოს? მე მგონი, არა. ამიტომ, ამ პროცესს ვუყურებ იმ ჭრილში, რომ იმ ორგანოს, რომელსაც ევალება შედეგის დადება, როგორიც არ უნდა იყოს ეს შედეგი, მას მოვთხოვოთ და მას მივანდოთ ეს ვალდებულება”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე იმსჯელებს.

თეგები :