• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

მექა ხანგოშვილი: აზრზე არ არიან... შეურაცხყოფას აყენებენ ხეობის უხუცესებს...

პანკისში მიმდინარე მოვლენებზე, ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ხეობის მიმართ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, „პრესა.ჯი“ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელს, მექა ხანგოშვილს ესაუბრა.

- როგორც ცნობილია, ამ დროისათვის მაჩალიკაშვილის სახლში დამატებითი ექსპერტიზა ტარდება, რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

მექა ხანგოშვილი: არ ვარ ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რა ხდება ამ დროისთვის მაჩალიკაშვილის სახლში.

- შვილმოკლული მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებები, ხელისუფლების ნაწილმა ანტიქართულ განწყობად შეაფასა, რა ხდება?

- ეს, მეტწილად, მასმედიის  და სოციალური ქსელების დამსახურება იყო, მისი ნათქვამი სიტყვების ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან ცუდი კუთხით შებრუნება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი გულისხმობდა არა  ხეობის ტერიტორიულ დაკარგვას, რაც ნამდვილად წარმოუდგენელია, რადგან აქამდე უფრო რთულ ვითარებაში არ დაკარგულა, არამედ ნდობის დაკარგვას, რაც ტერიტორიის დაკარგვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

- რატომ წავიდა პანკისისი ხეობიდან ამდენი ახალგაზრდა სირიაში, ე.წ. ისლამური სახელწიფოსათვის საბრძოლველად?

- ეს ძალიან კომპლექსური პრობლემაა. ღარიბი რეგიონია, დასაქმების შანსი  თითქმის ნული პროცენტია, განათლების დონე დაბალია და ა.შ. ეს, თავისთავად, ძალიან რთული პრობლემაა, რომლის წინაშეც არა მხოლოდ საქართველო, არამედ სრულიად მსოფლიო დგას.

- რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ პანკისის ხეობისათვის?

- ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც თავი მოაქვთ საქმეში ჩახედულად და ამ დროს, აზრზე არ არიან რა ხდებოდა ბოლო 20 წლის განმავლობაში პანკისის ხეობაში, კეთდება ძალიან მავნე განცხადებები. ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ხეობის უხუცესებს...

ბევრმა ისიც კი იკადრა, რომ თითქოს, უხუცესების უმოქმედობამ გამოიწვია ის მდგომარეობა, რაც ახლა ხეობაშია. 

არადა, ბოლო 15 წლის განმავლობაში, უხუცესები საკუთარი პენსიით ძალიან ბევრჯერ ჩამოსულან თბილისში. ისინი  ითხოვდნენ თანამდებობის პირებთან შეხვედრას... 

ჩემი თუ სხვა ადამიანების დახმარებით შეხვედრებიც შემდგარა, მათ  თავიანთი პროგრამა და გეგმა ჩამოჰქონდათ, თუ რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას იმისათვის, რომ მიზანმიმართული, სწორი პოლიტიკა ჰქონოდათ ხეობის მიმართ.  

ეს ყოველივე  რომ თავის დროზე განხორციელებულიყო, დღეს ასეთი მდგომარეობა ნამდვილად არ გვექნებოდა. სწორედ 10 წლის წინ ვარაუდობდნენ უხუცესები იმას, რაც დღეს ხდება ამ ხეობაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კარგი ინფრასტრუქტურული  და განათლების სფეროში საჭირო პროექტები განხორციელდა. 

თუმცა,  ის პრობლემები, რომელიც რადიკალიზმთან მიმართებაში დაგროვდა, ერთ წელში არ მოგვარდება.  ძალოვანი უწყებები, არ მუშაობენ სათანადოდ ხეობაში. მათ რეალურად შეუძლიათ რაღაცის შეცვლა.

თეგები :