• თბილისი
  • 27°C
  • 20 ივნისი, 2018
article

ოპოზიცია: "მაუწყებლობის შესახებ" კანონით ბიძინა ივანიშვილი მედიის სივრცის მონოპოლიზებას ცდილობს

"მაუწყებლობის შესახებ" კანონი პარლამენტში კვლავ დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების მიზეზია. 

კანონის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ეძლევა უფლება დღის განმავლობაში კომერციული რეკლამა განათავსოს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილება ექსპრემიერ ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება და მიზნად ისახავს მედია კონტროლს.

„ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ მთლიანად ამ არხის გამოყენებითაც მოახდინოს მთელი მედიის სივრცის მონოპოლიზება იმისთვის, მოსახლეობამ არ იცოდეს სიმართლე და ხედავდეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის საქართველოს,“ - მიაჩნია "ნაციონალური მოძრაობის" წევრ თინათინ ბოკუჩავას.

„წლების განმავლობაში თანმიმდევრულად აკეთებს ამას ბიძინა ივანიშვილი. მნიშვნელოვანია, რომ აქ არის არა მხოლოდ ეს კანონი პრობლემური, არამედ სტარტაპების კანონი, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანიებს შეუძლიათ პირდაპირ მისცენ თანხა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რაც აშკარად პროტექციონიზმის და კორუფციის ეჭვს აძლიერებს,“ - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა.

"მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ერთსულოვანი მხარდაჭერა არც საპარლამენტო უმრავლესობაში არსებობს, თუმცა მისი მეორე მოსმენით დამტკიცება მმართველმა გუნდმა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე მაინც შეძლო. 

რაც შეეხება კორუფციის რისკებს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის თქმით, ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის მეთოდები არსებობს და ამის დასტურია კორუფციის მაჩვენებლები, რომელიც მისი თქმით, ძალიან დაბალია.

"უმრავლესობაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ ამ ინიციატივას, თუმცა საბოლოო ჯამში კენჭისყრით დადასტურდა, რომ უმრავლესობის ძალიან დიდი უმრავლესობა მხარს უჭერდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თეგები :