• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

„ხორავას ქუჩის საქმეზე მოვლენების არც ერთი მიმართულებით განვითარებას არ გამოვრიცხავ“

მთავარი პროკურატურა ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის  ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.ღ.-ს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმე გუშინ დააკავეს.

„მთავარი პროკურატურა აღნიშნულ პირს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენს. გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება და მოვლენების არც ერთი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ. ეს არაერთხელ ვთქვით და გუშინდელი დაკავება ამის დასტურია“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა მ.კ.-ს დაკავება, მეზვრიშვილი პასუხობს, რომ კონკრეტულად ვერ იტყვის, გამოძიება რა მტკიცებულებების მოპოვებას შეძლებს.

„მტკიცებულებების შეგროვება გრძელდება. როგორც კი, საკმარისი სტანდარტი შეგვექმნა იმისა, რომ ბრალდებულის სტატუსით შესაბამისი პირი დაგვეკავებინა, ეს გავაკეთეთ. თუ საჭირო მტკიცებულებების შეგროვებას შევძლებთ და ამ მიმართულებით ძალისხმევას არ ვიშურებთ, რა თქმა უნდა, სხვა პირების დაკავება  არ არის გამორიცხული. სხვა ბრალდებებით დაკავებას შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება, ბრალდების წარდგენას  – სტანდარტი. როცა მტკიცებულებები შეიკრიბა და სტანდარტი შეიქმნა, დაკავება „სისხლის სამართლის კოდექსის” შესაბამისი მუხლით მოხდა”, – დასძინა შს მინისტრის მოადგილემ.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა  დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.