• თბილისი
  • 33°C
  • 19 ივლისი, 2018
article

გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ორი პირი თბილისში დააკავეს.

„გამოძიებამ დაადინა, რომ მიმდინარე წლის 15 ივნისს, გლდანის დასახლებაში, 1983 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ვ.ზ.-მ, შურისძიების მიზნით, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ს.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, ს.მ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული რამდენიმე საათში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობილი გახდა 1982 წელს დაბადებული ლ.შ.-სთვის, რომელმაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამართალდამცავებს არ შეატყობინა. აღნიშნული პირი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაუყოვნებლივ იქნა დაკავებული. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

თეგები :

შსს