• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

„არავითარი სურვილი არ გამაჩნია, პროკურორთან შეხვედრა დახურულ სივრცეში შედგეს“

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან ღია შეხვედრის მომხრეა, – ამის შესახებ განცხადება მან ხორავას ქუჩაზე, შვილის მკვლელობის ადგილზე გააკეთა, სადაც დღეს პირველად მივიდა.

მისი თქმით, არანაირი სურვილი არ აქვს, შოთაძესთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგეს.

„პროკურატურაში 19:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში ვარ დაბარებული. არავითარი სურვილი არ გამაჩნია, შეხვედრა დახურულ სივრცეში შედგეს, რადგან დასამალი არაფერი მაქვს. ​საზოგადოება საქმის კურსში უნდა იყოს, რა საუბარი შედგება ჩვენ შორის. რა თქმა უნდა, თუ თვითონაც თანახმანი იქნებიან, თუ თვითონაც არაფერი არ აქვთ დასამალი, იმედია, ღია სივრცეში შეგვხვდებიან“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 27 მაისს პარლამენტის შენობასთან შვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დასჯის მოთხოვნით აქციის გამართვას გეგმავს. სარალიძის თქმით, აქციას იმ შემთხვევაში აღარ გამართავს, თუ მკვლელობაში მონაწილე ყველა პირს დააკავებენ.

„რა პასუხებს მივიღებთ მთავარ პროკურორთან შეხვედრის პროცესში, იმის მიხედვით გადავწყვეტ, ჩატარდება თუ არა აქცია. თუ ჩვენი შეხვედრის შემდეგ, დააკავებენ ყველა იმ პირს, ვისაც დანაშაულში რაიმე წვლილი მიუძღვის, ასევე იმ პირებს, რომელთაც დანაშაული დაფარეს და მტკიცებულებების დამალვას შეეცადნენ, საზოგადოებას ბოდიშს მოვუხდი და აქციას აღარ გავმართავ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.