• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

შსს-მ კასპში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1969 წელს დაბადებული ჯ. ფ. და 1986 წელს დაბადებული ზ. ბ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე სოფელ აღაიანში დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის 24 აპრილს, კასპის რაიონის სოფელ ფერმაში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს, იარაღის მუქარითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ფული, ოქროს სამკაულები და სხვა ნივთები გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გატაცებული ოქროს სამკაულები თბილისში მდებარე ერთ-ერთი „ოქროს ბირჟიდან“ ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი ყაჩაღობის შედეგად წაღებული ნივთების ნაწილი ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამოღებულია ჯ. ფ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება და გადაჭრილი სანადირო თოფი.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 260 - მუხლით მიმდინარეობს.

თეგები :