• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

„იმედია, ჩვენი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და ამოიწურება მეარაყიშვილის მიმართ ზეწოლა“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილზე ზეწოლა დასრულდება და ყველა ოჯახს მიეცემა საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ ცხოვრების საშუალება.

როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ქართული მხარე აქტიურად არის ჩაერთული მისი გათავისუფლებისა და დევნის შეწყვეტის მიმართულებით მუშაობაში; ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, ევროკავშირის მონიტორინგის მისია. 

„თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ის კვლავ არის დაბარებული ე.წ. პროკურატურაში დაკითხვაზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, ამით ამოიწურება მის მიმართ ზეწოლის განხორციელება და თამარ მეარაყიშვილს, მის ოჯახს და საერთოდ ყველა ოჯახს მიეცემა საკუთარ სახლში უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობა“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე თამარ მეარაყიშვილი იმყოფება ახალგორში, მის ოჯახთან.

„სამოქალაქო საზოგადოება და მედია წრეები თამარ მეარაყიშვილს იცნობენ, როგორც აქტიურ პირს ახალგორში. გუშინ გაუგებარი ბრალდებებით მოხდა მისი უკანონო დაკავება და გადაყვანა ახალგორის ე.წ მილიციაში. გვიან ღამით გაათავისუფლეს, დილით ისევ დაიბარეს დაკითხვაზე ე.წ. პროკურატურაში. ახლა იმყოფება სახლში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ქმედებები ხორციელდება მის მიმართ. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს უხეშად ამ ტერიტორიებზე და სწორედ ამიტომ ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები ამოქმედდეს. ამის საჭიროება ნამდვილად არსებობს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ოკუპირებულ ახალგორში სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გუშინ საღამოს დააკავეს და გამთენიისას გაათავისუფლეს. მას ბრალი ედება დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვის პარტიის წევრის, სპარტაკ დრიაევის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება. თამარ მეარაყიშვილის ცხინვალში გადაყვანის პარალელურად, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ახალგორში, დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. 

თეგები :