• თბილისი
  • 27°C
  • 20 ივნისი, 2018
article

ლაგოდეხური რეცეპტით მომზადებული ნიგვზიანი და ჯემიანი პასკები

გაგიგიათ რამე ლაგოდეხური რეცეპტით მომზადებული პასკების შესახებ? თუ არა, ის დროა, გაიგოთ. რადიო „ფორტუნას“ საიტი ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ ძველი რეცეპტის მიხედვით მომზადებულ პასკებს – ნიგვზიანს და ჯემიანს, რომლებითაც შეგიძლიათ, თქვენი სააღდგომო სუფრა გაალამაზოთ და გააგემრიელოთ კიდეც.

ბებიისგან გადმოცემული რეცეპტით დალინა ჩაჩანიძე ყოველ წელს უამრავ პასკას ამზადებს სააღდგომოდ, ნაწილს – ტრადიციულს, ნაწილს – ვაშლის ჯემით და კიდევ, ნიგვზიანს. როგორც ამბობენ, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გემრიელია.

დალინა ჩაჩანიძემ სიამოვნებით ჩაგვაწერინა რეცეპტი და მომზადების წესი ორივე, ნიგვზიანი და ჯემიანი პასკისთვის. აქვე გვირჩია, რომ ხილფაფაც, ანუ ჯემი ჯობს, სახლში მოამზადოთ.

როგორ მოვამზადოთ ხილფაფა შინ

კგვაშლი გავთალოთ და დავჭრათ ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში ფენებად და მოვაყაროთ 1 კგშაქარიგავაჩეროთ 4-5 საათიშემოვდგათ დაბალ გაზზე და ჩავასხათ ერთი ყავის ჭიქა ძმარიდავადუღოთ იქამდე, სანამ არ გასქელდება.

როგორ მოვამზადოთ ცომი

საჭირო მასალა:

40 ც. კვერცხი; 4 კგ.შაქარი; 10 კგ.ფქვილი; 1 კგ.ცხიმი (500 გრ.მარგარინი; 500 გრამი კარაქი) 0,5 ლ.ზეთი; 100 გრამი დროჟი; 500 გრამი ქიშმიში; ვანილი გემოვნებით.

დასაყენებელი ნაყენი: მიხაკი, დარიჩინი, ილი, მუსკატის კაკალი. ამ ყველაფერს ვაყენებთ წინასწარ.

ნიგოზი 1 კგ. 500 გრამი შაქარი.

მომზადების წესი:

კვერცხის გულსა და ცილას ვაცალკევებთ, როგორც ბისკვიტის მომზადებისას. იმავდროულად, შევათბობთ რძეს და ჩავყრით შაქარს, შემდეგ ფრანგულ დროჟს (100-გრამიანს) გავხსნით ჯამში, დავუმატებთ ცოტა შაქარს (დაახლოებით ორი სუფრის კოვზი) და დავაყენებთ.

ცილას გავთქვეფთ კარგად, შემდეგ შევათქვეფთ კვერცხის გულს. შემთბარ რძეს, რომელსაც მანამდე შაქარი შევურიეთ, შევურევთ მანამდე მომზადებულ გათქვეფილ კვერცხის ცილასა და გულს. ამ მასას დავამატებთ ამოსულ დროჟს, შემდეგ ფქვილს, ნელ-ნელა, ხელის რევით შევაზელთ. ოთახის ტემპერატურაზე დარბილებულ მარგარინს ან კარაქს უკვე მომზადებულ მასას, რომელსაც უკვე ფქვილიც შევურიეთ, წავუსვამთ არაერთგზის – გადავკეცავთ ოთხ მხარეზე და ოთხივე მხრიდან შევაზელთ ცხიმს, სანამ ის არ დამთავრდება.

მიხაკ-დარიჩინს, ილს, მუსკატის კაკალს ამ პასკების მოსამზადებლად ჩვენ წინა წელს ვაყენებთ ხოლმე, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, იმავე წელს დამზადებულიც გამოიყენოთ. უნდა დააყენოთ არაყში ან კონიაკში. წინასწარ მომზადებულ ნაყენს, დაახლოებით ორ სუფრის კოვზს, მოვასხამთ ფქვილიან მასას, დავამატებთ ვანილსაც. რაც მეტჯერ გადავკეცავთ, მით უფრო ჰაეროვანი გამოდის ცომი.

ცხიმწასმულ მასას ჯამში ჩავასხამთ, თბილად შევფუთავთ, რომ ამოვა ცხიმი, შემდეგ დავამუშავებთ ზეთით. ცომის გაბრტყელების შემდეგ, მოვაყრით ქიშმიშს. ცალკე გვაქვს გამზადებული ჯემი, ცალკე – ნიგვზიანი მასა (ერთ ჭიქა ნიგოზზე ნახევარ ჭიქა შაქარს ვაყრით). თუკი ჯემიან პასკას აკეთებთ, ჯემს წაუსვამთ, ნიგვზიანისთვის – წინასწარ გამზადებულ შაქრიან ნიგოზს გამოვიყენებთ. ჩვენ ზოგჯერ ამ პასკებს რულეტის ფორმას ვაძლევთ და ასე ვახვევთ, ზოგჯერ პასკის ფორმითაც ვაცხობთ. პირამდე რომ ამოვა ცომი, წავუსვამთ კვერცხის გულისა და მაწვნის ნაზავს თავზე, 40 წუთში ჩვენი პასკები მზად იქნება.

ნინო მურღულია


ფორტუნა.ჯი


თეგები :