კოლაუ ნადირაძის ტრიოლეტები
14:03:42     20-10-2011
ქართველი პოეტები ტრიოლეტის დიდოსტატები იყვნენ. ალბათ, პრესა.გე-ს მკითხველს ახსოვს პუბლიკაციები: „იოსებ გრიშაშვილის გარდაცვალების დღისადმი („ტრიოლეტები შეითანბაზარში“) და „ვალერიან გაფრინდაშვილის ტრიოლეტები“.
XX საუკუნის დასაწყისიდან ქართული კულტურის დიდი აღმავლობა დაიწყო. სხვებთან ერთად ჩვენმა შესანიშნავმა პოეტებმა ქართული პოეზია ისეთ უმაღლეს საფეხურზე აიყვანეს, რომ სამაყოდ დიდხანს გვეყოფა.
ტრიოლეტს არა ერთმა მიმართა და დიდი წარმატებითაც.
ვიკიპედია გვეუბნება:
„ტრიოლეტი (ფრანგ. triolet < იტალ. trio - სამი) - რვატაეპიანი ლექსი, რომელშიც პირველი ტაეპი სამჯერ მეორდება. VIII ტაეპი იმეორებს მეორეს. ტრიოლეტში რითმა ორი სახისაა:
I, III, IV, V, VII ტაეპები ერთ რითმას ატარებენ, II, VI და VIII - მეორეს.
რითმული წყობა გრაფიკულად ასეთია: abaaabab. ლექსის ყველა მყარ ფორმათა შორის ტრიოლეტი ყველაზე უფრო შეზღუდული ფორმაა და, ამდენად, უფრო გასართობი პოეზიისთვისაა განკუთვნილი.
ტრიოლეტი გავრცელებული იყო შუა საუკუნეების ფრანგულ პოეზიაში. საქართველოში ის XX საუკუნის 10-იან წლებში დაამკვიდრეს ვალერიან გაფრინდაშვილმა, პაოლო იაშვილმა, იოსებ გრიშაშვილმა და ალექსანდრე აბაშელმა“.
ლიტერატურისმცოდნეობის ტერმინთა მოკლე ლექსიკონშიც ადვილადაა ახსნილი:
„ტრიოლეტი (ფრანგ.) - რვატაეპიანი ლექსი, რომელშიც პირველი ტაეპი მეოთხე და მეშვიდე ტაეპად მეორდება, ხოლო მეორე ტაეპი - მერვედ. გრაფიკულად ტრიოლეტის რითმული წყობა ამგვარად გამოისახება: abaaabab“. მერე ვალერიან გაფრინდაშვილის „სენტიმენტალური ტრიოლეტია მაგალითად მოყვანილი. ეს ტრიოლეტი ჩვენ გავიხსენეთ ზემოთაღნიშნულ პუბლიკაციაში.
დღეს, გავიხსენოთ ქართული ლექსის ერთ-ერთი დიდოსტატის კოლაუ ნადირაძის ტრიოლეტები. კოლაუ ნადირაძეზე საუბარი კვლავ გვექნება.
ვერსალი წვიმაში
დაცვივდნენ ფოთლები ვერსალის ბაღებში,
მოწყენილ დედოფალს აშინებს წვიმა.
საღამოს ლანდები კრთიან ოთახებში,
დაცვივდნენ ფოთლები ვერსალის ბაღებში.
მძიმეა სიჩუმე სასახლის თაღებში.
ვინ იცის დედოფალს რად გაეღიმა!
დაცვივდნენ ფოთლები ვერსალის ბაღებში,
მოწყენილ დედოფალს აშინებს წვიმა.
1917 წელი, ქუთაისი
მიძღვნა
დღეს ისევ შენში ცოცხლობს ძველი თამარი -
ჩემი თამარი, რომ მიყვარდა ოდესღაც წინათ.
წარსული ტრფობის ისევ ართობს გულს მუჯამარი;
დღეს ისევ ისე შენში ცხოვრობს ძველი თამარი.
ცისფერი კაბა მაგონდება, ვიწრო ქამარი,
მორცხვი თვალები, სიყვარულმა რომ ააბრწყინა;
დღეს ისევ ისე შენში ცხოვრობს ძველი თამარი -
ჩემი თამარი, რომ მიყვარდა ოდესღაც წინათ!..
1918 წელი, ქუთაისი
ტრიოლეტები
I
კიდევ ცოტა ხანს დაიცადე, ჩემო ძვირფასო,
კიდევ ცოტა ხანს იხმაურებს ჩემში გრიგალი!
მინდა სინაზით ეს წუთები ახლა ავავსო.
კიდევ ცოტა ხანს დაიცადე, ჩემო ძვირფასო!
შემდეგ გატყდება. დაიღვრება ავსილი თასი
და ჩანაცრდება სამუდამოდ ჩემს გულში ალი...
კიდევ ცოტა ხანს დაიცადე, ჩემო ძვირფასო,
კიდევ ცოტა ხანს იხმაურებს ჩემში გრიგალი...
II
ბედნიერებით გვაერთებდა ჩვენი ბავშვობა,
პირველი მზერა, სიყვარული და ჟრუანტელი!
მაგრამ ეს კვნესა, ატირებულ გულთა ნაშობი,
გლოვაა მისი, რომ გათავდა ჩვენი ბავშვობა!..
თუ შენი სახის დავიწყებას გული არ შვება,
თუ სიყვარული დღეს მინათებს, როგორც კანდელი -
მხოლოდ იმიტომ, რომ უკვდავი არის ბავშვობა,
პირველი მზერა, სიყვარული და ჟრუანტელი!
III
მხოლო ერთია სახარული და მოგონება,
დაუვიწყარო, სანატრელო და ერთადერთო!
კიდევ შენი ვარ, ეს სიცოცხლე შენ გემონება,
რადგან ერთია სიხარული და მოგონება!
თუ შენი ხილვის, შენთან მოსვლის არა მაქვს ნება,
თუ სასიკვდილოდ სიყვარულით შენთვის ავენთო -
დარჩეს სიმღერა, როგორც კვნესა და მოგონება,
დაუვიწყარო, სანატრელო და ერთადერთო!
1928 წელი