თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ოპერაცია დაიწყო
08:30:30     20-10-2011
გუშინ, თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში, ქურთისტანის რადიკალური მუშათა პარტიის მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ამის მიზეზი, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქურთების თურქულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა გახდა, რომლის დროსაც 24 სამხედრო დაიღუპა, ხოლო ოცი დაიჭრა.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, ეს თავდასხმა კარგად დაგეგმილი და კოორდინირებული იყო. მებრძოლთა რამდენიმე ჯგუფი, დაახლოებით ღამის 2 საათზე, ერთდროულად დაესხა თავს ჟანდარმთა დისლოკაციის ადგილს, პროვინცია ჰაკიარის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში. თავდასხმისთვის რვა ობიექტი იყო არჩეული. მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არცერთ ორგანიზაციას არ აუღია, თურქეთის სპეცსამსახურები დარწმუნებულნი არიან, რომ ოპერაცია ქურთისტანის მუშათა პარტიამ განახორციელა, რომელიც ამ ტერიტორიებზე თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
სწორედ ამ მიზეზით არის, რომ ამ პროვინციაში ქვეყნის სამხედრო და პოლიციური ძალების ყველაზე დიდი რაოდენობაა კონცენტრირებული. ამიტომაც, თავდასხმაზე უსწრაფესი რეაგირების მოხდენა მოხერხდა. დევნის დროს, თურქულმა სპეცრაზმმა 16 მებრძოლი გაანადგურა, თუმცა, მათმა უმრავლესობამ თავი ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიას შეაფარა. თურქული სპეცსამსახურების ინფორმაციით, სწორედ აქედან ახორციელებენ ქურთები მტრის პოზიციებზე თავდასხმას, მცირე, ორგანიზებული ჯგუფების მეშვეობით.
თუმცა, უკანასკნელი თავდასხმა განსაკუთრებით მასშტაბური აღმოჩნდა. ამიტომ ანკარაში, სასწრაფო შეკრებაზე, ჩრდილოეთ ერაყში მასშტაბური სპეცოპერაციის ჩატარება მოულოდნელად გადაწყდა. „ჩვენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლებთ“ - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა. უკანასკნელი ინფორმაციით, ერაყის საზღვართან უკვე ასეულობით თურქი სამხედროა მობილიზებული. თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები კი ქურთისტანის მუშათა პარტიის ბანაკებზე იერიშის მისატანად ემზადებიან. ამას გარდა, ვერტმფრენები, სპეცრაზმის რამდენიმე ჯგუფითურთ, ერაყის სიღრმეშიც იქნება გადასროლილი. სპეციალისტების განცხადებით, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ თურქული ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში, ფართომასშტაბიანი იქნება.