გრიგოლ ხანძთელი - „ქებაჲ კლარჯეთისა უდაბნოთაჲ“

  11:55:39     18-10-2011

18 ოქტომბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს ქართველთა მნათობის, დიდი მოღვაწის გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს.

გრიგოლ ხანძთელი მარტო რელიგიური მოღვაწე არ ყოფილა, ის არ იყო მხოლოდ ეკლესიათა მაშენებელი. გრიგოლ ხანძთელი უდიდესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოღვაწე გახლდათ, რომლის ქმედებებმა საფუძველი ჩაუყარა მომავალი დიდი საქართველოს დაარსებას. ძნელია მისი დამსახურებების ჩამოთვლა. ზოგიერთი მათგანი: გრიგოლ ხანძთელის საძმოში, მის მოწაფეთა შორის შეიქმნა ეროვნული იდეოლოგიის მაშინდელი ფორმულა „ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების“... გრიგოლ ხანძთელმა ცნო ბაგრატიონთა წარმომავლობა დავით წინასწარმეტყველისგან და ამით განამტკიცა ისინი იდეოლოგიურად, საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში. გრიგოლ ხანძთელმა აღზარდა მთელი პლეადა მღვდელთავრებისა და ბერ-მონაზონთა, რომელთაც განამტკიცეს არაბთა ბატონობისგან შერყეული შეგნება ქართველობისა. გრიგოლ ხანძთელმა შექმნა მწიგნობრობის კერა. ის თავად  იყო შესანიშნავი პოეტი. მან შეგვიქმნა „საწელიწდო იადგარი“.

ძველად ყოველი დღესასწაულისთვის არსებობდა "საწელიწდო იადგარი", რომელიც გახლდათ კრებული ჰიმნებისა და საგალობლებისა. გრიგოლ ხანძთელმა შეადგინა პირველი ვრცელი "საწელიწდო იადგარი". "აწ არს ხანძთას ხელითა მისითა დაწერილი სულისა მიერ წმიდისა საწელიწდო იადგარი, რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ არიან” - წერს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღმწერი გიორგი მერჩულე. მანამდე არსებობდა მოკლე იადგარი. „საწელიწდო იადგარში” ყოველი თარიღისათვის იყო საგალობელი. ბევრი მათგანი ქართველების შექმნილი არის, ზოგიერთი კი ნათარგმნია. საგალობელაგთან ზოგიერთი დაწერილია თავად ჩვენი მნათობის, გრიგოლ ხანძთელის მიერ.

პრესა.გე-ს მკითხველს წელს, გიორგობის დღესასწაულზე გავაცანით გრიგოლ ხანძთელის შესანიშნავი ნაწარმოები, იამბიკო „გალობანი გიორგისნი“, მიძღვნილი წმინდა გიორგისადმი, რომელსაც პავლე ინგოროყვა მიიჩნევს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ქმნილებად.

დღეს, გავიხსენოთ გრიგოლ ხანძთელისეული „ქებაჲ კლარჯეთის უდაბნოთაჲ“, დაწერილი თავისებური სალექსო ფორმით - „წყობილი სიტყუაჲ რიცხუედით“, რომელიც შემოგვინახა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა მოწაფემ, შესანიშნავმა მთხრობელმა, დიდმა სასულიერო მწერალმა, გიორგი მერჩულემ თავის შესანიშნავ თხზულებაში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“.

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“

(ნაწყვეტი“)

 

... გამოჰკითხა მეფემან (აფხაზეთისამან - გ. მ.) დიმიტრი მამასა გრიგოლს გულსმოდგინედ სახეჲ კლარჯეთისა უდაბნოთაჲ, რაჲთა აუწყოს მას ადგილთა მათ წმიდათა ნიშანი ყოველი. და მამამან გრიგოლ ჰრქვა მას:

- ღმრთისმსახურო მეფეო, დაღაცათუ ფრიად განვამრავლო სიტყვაჲ, ვერვე მისწვთების გონებაჲ ჩემი ყოველსა მას უდაბნოთა მათ სიკეთესა უწყებად შენდა, ვინაჲთგან წესი მონაზონებისაჲ მათ შორის აღორძინებულ არს და უფროჲსად ყვაოდის და აღემატოს მომავალთა ჟამთა. არამედ ვთქვა მრავლისაგან მცირედი ესრეთ:

რამეთუ ბუნებით ერთგვამ არს ქვეყანაჲ უდაბნოთაჲ მათ და კეთილად შეზავებულ მზისაგან და ჰაერისა. რამეთუ არცა ფრიადი სიცხეჲ შესწვავს მათ და არცა გარდარეული სიცივე შეაურვებს მყოფთა მისთა. არამედ განწესებით დგას თვისსა საზღვარსა უნოტიოჲ, უხორშაკოჲ, უმიწოჲ, მზვარეჲ. რამეთუ კაცთა ნახჭნი ფერხთანი არაოდეს თიხიან ექმნებიან სლვასა მათსა. ხოლო წყალი კეთილი და შეშაჲ ნებისაებრ უნაკლულოდ აქვს აღმოცენებული ქვიშათა მათ შინა, ურიცხვი მაღნარი და სიმრავლე წყალთა ჰამოთაჲ. ბუნებით მხიარულებაჲ მიცემულ არს ღმრთისაგან. და არს იგი უგზო და მიუვალ რაჲთურთით სოფლისა წესითა მცხორებელთაგან, რამეთუ ღადოთა მთათა შინა მაღალთა არს მკვიდრობაჲ მათი. და მორტყმულ არს ერთ კერძო მთაჲ იგი და ერთ კერძო შავშეთისა დიდთა წყალთა შეკრებისა გარემოსლვაჲ გარემოადგს ზღუდისსახედ უძრავისა. და ესრეთ ყოვლითა კერძო შეზღუდვილ არიან მთათა მიერ და ხევნებისა, და წყალთა მათგან საშინელად ძნელოვანთა ადგილთა მავალთაჲსა. და მონასტერთა მათ შინა არა არს სათიბელი ქვეყანაჲ, არცა ყანაჲ სახნავი, არამედ დიდითა შრომითა როჭიკისა მისლვაჲ აქვს კარაულისა ზურგითა. და მცირედ ვენახნი ჭირით და ურვით დაუნერგვიან და ეგრეთვე მტილები. ხოლო მხალთა ველისათაჲ არს სიმრავლე ურიცხვი. და ამას ყოველსა თანა უშიშ არს გული მათი უქრისტოთა მათ ურწმუნოთაგან შერყევისაგან და ყოვლისა ძრვისა ჟამსა ხელმწიფეთა მტერობისასა. და ესრეთ მრავლითა მშვიდობითა მყუდროებით არიან ყოვლადვე და ქრისტესა ადიდებენ. რამეთუ ღმერთმან დასაბამსავე დაბადებისასა უკანაჲსათვის ჟამთა დაჰბადნა იგინი მონაზონთა სამკვიდრებელად და ყოველთა ქრისტეანეთა შესავედრებელად ორკერძოვე. და რამეთუ განგებასა ღმრთისასა ესე ჩვეულებაჲ აქვს, რაჲთა წმიდათა მათ უდაბნოთა მონასტერნი ხელითა გლახაკთაჲთა აღაშენნეს, რომელნიცა სრულიად თავისუფალ იქმნნეს სოფლისა საცთურთაგან.

დაღაცათუ წმიდათა უდაბნოთა ხელმწიფენი იღვწიან, ხოლო წოდებად სახელი გლახაკთაჲ ჯერიჩინა ქრისტემან შენებასა წმიდათა მონასტერთასა. არამედ მისცა ღმერთმან ხელმწიფებაჲ მორწმუნეთა მეფეთა აღშენებად საყდართა საებისკოპოსოთა და ქალაქთა სოფლებითურთ და ყოველსა ერსა ზედა მთავარ ყვნა, რაჲთა სიმართლით განიკითხვიდენ მათ შემკობილნი სამოსლითა ბრწყინვალითა. ხოლო რაჲთა არა დაუტეონ გონებაჲ მათ ხილულთა მათ ნივთთა შინა, არამედ კეთილთა მათ საუკუნეთა გულისხმა ჰყოფდენ, რამეთუ სიბრძნემან საღმრთომან სამოსელთა მრავალსახეთა მიერ გულისხმა უყო ყოველთა კაცთა პატივი თითოეულისა წესისა მათისაჲ ღმრთისმსახურებით. ხოლო სარწმუნონი და ჭეშმარიტნი მონაზონნი ქვეყანასა ზედა არა ვისსა ხელმწიფებასა ქვეშე არიან, ვინაჲთგან მოჰრიდეს საშვებელთა საწუთროჲსათა ნებსით და აღირჩიეს ღმრთისათვის მწუხარებაჲ ადგილთა გლოვისათა, მსგავსად პირველთა მათ მამათა წმიდათა, რომელთა სიგლახაკესა შინა დიდსა მყოფთა აღაშენნეს წმიდანი უდაბნონი, თვინიერ ქვეყანისა მეფეთა ბრძანებისა, შეწევნითა ყოვლისა შემძლებელისა ღმრთისაჲთა. და აწცა ჟამთა ჩვენთა არიან მსგავსნი პირველთა მათ ნეტართა კაცთანი მაშენებელ მონასტერთა ადგილთა უქმთა შინა ღმრთისა სამკვიდრებელად. ხოლო ხელმწიფენი კეთილად მსახურნი შრომასა მათსა თანამონაწილე იქმნებიან საფასეთა უხვად მიცემითა, ვითარცა-ესე დღეს დიდებულებამან შენმან მეფობამან განამდიდრა სიგლახაკე ჩვენი ფრიადითა კეთილითა. და ყოვლადვე მოზიარე ხარ ლოცვასა ჩვენსა თანა.