თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის ისტორია
10:56:50     17-10-2011
თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, საბალეტო კადრების მომზადების ძირითადი კერაა საქართველოში. 1916 წელს, იტალიელმა მოცეკვავე ქალმა, პერინიმ თბილისში დაარსა საბალეტო სკოლა. ამ სკოლაში აღიზარდნენ ბალეტის ცნობილი ოსტატები: ჭაბუკიანი, რამიშვილი, ერონსკი-ნადირაძე, გვარამაძე, ჩიკვაიძე, ვეკუა და სხვები. სტუდიამ დიდი როლი ითამაშა ქართული პროფესიული ბალეტის განვითარებაში.
1934 წელს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან შეიქმნა ქორეოგრაფიული სტუდია, რომელსაც ჯავრიშვილი ხელმძღვანელობდა. 1936 წელს, ორივე სასწავლებელი გაერთიანდა სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სტუდიად. 1950-1972 წლებში სტუდიის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ჭაბუკიანი. 1957 წლიდან, სტუდიას ეწოდა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. სასწავლებლის აღზრდილები არიან: ამონაშვილი, აბულაძე, ჯანდიერი, არობელიძე და სხვები. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი მთლიანად თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის კურსდამთავრებულებით არის დაკომპლექტებული.