ბაროკოს არქიტექტურის საუკეთესო ნიმუში

  11:44:25     15-10-2011

დრეზდენის ოპერის თეატრი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განთქმულია. ოპერის შენობა დრეზდენის ბაროკოს არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება; მდებარეობს თეატრის მოედანზე ცენტრალურ დრეზდენში მდ. ელბას სანაპიროზე. პორტალის თავზე პანტერებშებმული ქარიოტი დგას დიონისეს ქანდაკებით. შენობის ინტერიერზე იმ დროის განთქმული არქიტექტორი იოჰანეს შილინგი მუშაობდა. პორტალის მონუმენტებზე გამოსახულია უდიდესი ხელოვანები იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე, ფრიდრიხ შილერი, უილიამ შექსპირი, სოფოკლე, მოლიერი და ევრიპიდე.

შენობა პირველად აიგო 1841 წელს არქიტექტორი გოტფრიდ ზემპერის პროექტით, ადრეული რენესანსის სტილში. ეს იყო, გეგმაში, მრგვალი ფორმის მქონე ნაგებობა, რომელიც იმჟამინდელი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ოპერად ითვლებოდა.

1869 წლის ხანძრის შედეგად შენობა ხელმეორედ იქნა ასაგები. მოქალაქეების მოთხოვნით რეკონსტრუქცია თავად გოტფრიდ ზემპერს უნდა განეხორციელებინა, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში არქიტექტორი დევნილი იყო 1849 წელს, დრეზდენის აჯანყებაში მონაწილეობის გამო. მეორე ოპერის შენობა, ზემპერის პროექტით, მისმა შვილმა ააგო ნეორენესანსის სტილში, 1878 წელს.

ომამდელ პერიოდში შენობაში რიხარდ შტრაუსის მრავალი ნაწარმოების პრემიერა შედგა. მეორე მსოფლიო ომის ბოლო რამდენიმე კვირის პერიოდში, დრეზდენის მოკავშირეთა მიერ დაბომბვისა და ამის გამო გაჩენილ ხანძარის გამო, შენობა ისევ განადგურდა. ზუსტად 40 წლის შემდეგ, 1985 წლის 13 თებერვალს, ოპერის შენობის რეკონსტრუქცია დასრულდა მის ომამდელ მდგომარეობაში.

ამჟამად თითქმის ყველა საოპერო წარმოდგენა იმართება დრეზდენის სახელმწიფო ორკესტრის თანხლებით. წარმოდგენებზე, როგორც წესი, სრული ანშლაგია.