ანდრეა ბოჩელი: როგორი იყო გზა წარმატებისკენ?
10:19:38     14-10-2011
შეუძლებელია იმის თქმა, არსებობს თუ არა ისეთივე ქვეყანა, როგორიც იტალიაა, რომელმაც კაცობრიობას ამდენი მუსიკალური შედევრი და უნიკალური ხმები აჩუქა. როგორც ჩანს, იტალიელები შვიდ ნოტს არ დასჯერდნენ და კიდევ რამდენიმე ნოტი თავიანთვის შემოინახეს. სხვანაირად როგორ აიხსნება, რომ ამ ქვეყანაში იბადება საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ამდენი მუსიკოსი? სწორედ ამ ქვეყანაში, არც თუ ისე დიდ ფერმაში, ტოსკანაში, 1958 წლის 22 სექტემბერს დაიბადა ბრწყინვალე ტენორი და საოპერო ხელოვნების მსოფლიო ვარსკვლავი – ანდრეა ბოჩელი.
მას მუსიკა ბავშვობიდან უყვარდა. „მე ოპერით შეპყრობილი ვიყავი“, – იხსენებს დღეისათვის მომღერალი. მშობლებს არ უწევდათ ბიჭუნასთვის მუსიკის საწყისი ელემენტები ძალით ესწავლებინათ. ექვსი წლის ასაკში, ანდრეა ფორტეპიანოზე უკრავდა, მოგვიანებით კი საქსოფონი და ფლეიტა აითვისა. მოზარდ ასაკში, იგი ადგილობრივი ვარსკვლავი გახდა და რამდენიმე მუსიკალური კონკურსი მოიგო.
შესაძლოა, ამაში უჩვეულო არაფერია, თუ არ გავუსვამთ ხაზს იმას, რომ თორმეტი წლის ასაკში, უბედური შემთხვევის შედეგად, მომავალმა მომღერალმა მხედველობა ასი პროცენტით დაკარგა. მაგრამ ღმერთმა იგი მუსიკალური სმენითა და შეუდარებელი ხმით დააჯილდოვა. სურვილისა და შრომისმოყვარეობის შედეგად, ანდრეამ დაამტკიცა, რომ ფიზიკური ნაკლი წარმატებისკენ სწრაფვაში ხელს ვერავის შეუშლის.
ლიცეუმის დასრულების შემდეგ, ანდრეამ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, პიზის უნივერსიტეტში: მის მშობლებს შვილისთის ადვოკატის კარიერა უფრო რეალური მიაჩნდათ. ანდრეამ დიპლომი აიღო,ამასთანავე, გარკვეული დროით საადვოკატო ბიუროშიც იმუშავა. თუმცა, ბოჩელისგან ნამდვილი იურისტი არ გამოვიდა – მისი გული ყოველთვის მუსიკით იყო სავსე.
„როცა ახალგაზრდა ვიყავი, გამომუშავებულ თანხას, ყოველთვის მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად ვხარჯავდი. დროთა განმავლობაში გავიგე, რომ მე თვითონ მაქვს უნიკალური მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ხარჯებს არ მოითხოვდა, – საკუთარი ხმა“, – აღიარებს ბოჩელი.
ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, იგი ტურინში გადავიდა საცხოვრებლად და ფრანკო კორელის მოსწავლე გახდა. ამავე დროს, საზოგადოებამ მომღერლის უსაყვარლესი მეუღლე გაიცნო, ენრიკო, რომელმაც ორი ვაჟიშვილი აჩუქა ანდრეას.
მისი მუსიკალური კარიერის „ოფიციალურ“ დასაწყისს, ანდრეა შემთხვევითობად თვლის. ბედმა იგი ცნობილ მუსიკოსთან, ჯუკერო ფორნაჩისთან, 1992 წელს შეახვედრა. ეს უკანასკნელი მოსმენებს აწყობდა და არჩევდა მომღერლებს, ახალი ნაწარმოების, „Miserere“–სთვის, რომლიც ლუჩიანო პავაროტისთვის იყო შექმნილი. მაგრამ ცნობილმა მაესტრომ მოისმინა დამწყები მომღერლის შესრულება და თქვა: „მადლობა შეუდარებელი სიმღერისთვის, მაგრამ ეს ანდრეამ შეასრულოს“. სწორეთ „Miserere“–თი შედგა ანდრეას დებიუტი სან–რემოს პოპ–ფესტივალზე.
1993 წელს, მომღერალმა პირველი დისკის გამოსაშვებად, კონტრაქტი გააფორმა. 1994 წლისთვის, იგი უკვე გამოდიოდა ცნობილ სახეებთან ერთად. ამ მომენტიდან, მისი კარიერა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დადგა. ანდრეამ მეორე ალბომი, „Bocelli“ ჩაწერა.
ამავე წელს, ბრაიან ფერისთან, ალ ჟიროსთან და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, ევროპის ტურნეში გაემგზავრა. ბოჩელი 500 000 მაყურებლის წინაშე გამოვიდა. ეს იყო ნამდვილი, საერთაშორისო ტრიუმფი: მისმა ლირიკულმა სიმღერამ, „Con te partir?“–მა პირველი ადგილი რამდენიმე კვირის მანძილზე შეინარჩუნა და გაყიდვების რეკორდი ევროპის მრავალ ქვეყანაში მოხსნა.
შემდეგი ალბომი „Romanza“ გახლავთ, რომელიც 1996 წელს გამოვიდა, მან უფრო დიდი ფურორი მოახდინა. საერთაშორისო პრესამ კი ტენორის პოპულარობა ენრიკო კარუზოს პოპულარობას შეადარა. ამავე წელს გამოვიდა კიდევ ერთი დისკი, „Viaggio Italiano“. ეს უკანასკნელი იტალიელ ემიგრანტებსა და მსახიობებს ეძღვნებოდა, რომლებმაც იტალიურ ოპერას მთელ მსოფლიოში გაუთქვეს სახელი.
1998 წელს გამოვიდა ალბომი „Aria“, რომელშიც თავმოყრილი იყო მსოფლიოში ცნობილი ოპერების შეუდარებელი არიები.
1999 წელს, ანდრეა ბოჩელიმ „გრემის“ პრემია მიიღო, ნომინაციაში „საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი“. საუნდტრეკმა, რომელიც სელენ დიონთან ერთად ჩაიწერა ფილმისთვის, „კამელოტის ძიებაში“ „ოქროს გლობუსი“ მოიგო, როგორც საუკეთესო სიმღერამ და ნომინირებული იყო ამერიკულ კინოაკადემიაზე, „ოსკარზე“.
უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ბოჩელის წარმატება გარდაუვალი იყო. მისი შემდეგი ალბომები, „Sogno“, „Arie Sacre“ და „Verdi“ მსოფლიოში მეტად პოპულარულნი გახდნენ.
ოპერები, „Tosca“, „Il trovatore“ და „Werther“, სადაც ანდრეა მთავარ პარტიებს ასრულებს, მსოფლიო წარმატებით სარგებლობენ.
ბოჩელის ცხოვრებაში მუსიკას მთავარი ადგილი უჭირავს. მაგრამ, თავის ორ ვაჟზე იგი ამბობს: „ვცდილობ რაც შეიძლება მეტი დრო გამოვუყო ჩემს შვილებს. მათგან თუ რამეს ველი, თავდაპირველად მე უნდა დავუთმო მათ ყურადღება და მივცე შესაბამისი სიყვარული“.
ბოჩელის პირად ცხოვრებაზე ის არის ცნობილი, რომ რამდენიმე წლის წინ, იგი მეუღლეს გაშორდა და ამჯერად მომღერალ ვერონიკა ბერტის ხვდება, რომელიც 2002 წელს გაიცნო.
ანდრეა ბოჩელი ძველებურად ატარებს კონცერტებს, დადის ტურნეებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აცხადებს: „ის რაც ნამდვილად მინდა, ჩემს მსმენელებთან და თაყვანისმცემლებთან ურთიერთობაა. მსურს მათ სულში ჩაწვდომა ისევე, როგორც ოდესღაც, ჩემი უსაყვარლესი შემსრულებლები სწვდებოდნენ ჩემს სულს. ისინი მე მაიძულებდნენ მეტირა და მეოცნება. სწორედ ამის მიღწევა მსურს მეც“.