საქართველოს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შესახებ
13:17:10     19-10-2010
[თეონა აქუბარდია, სამხედრო ანალიტიკური ჯგუფი „ჰერი“]
წინამდებარე სტატიის მიზანია საქართველოს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის განხილვა და საზოგადოებისთვის ამ დოკუმენტის არსის მიწოდება. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა დოკუმენტის განახლებაზე, თუმცა რამდენადაც ეს დოკუმენტი ჯერ არ დამტკიცებულა, ვფიქრობ მკითხველისთვის საინტერესო იქნება ზოგადად დოკუმენტის არსზე და მასში ომიდან გამომდინარე სტრატეგიულ გათვლებში არსეულ ხარვეზებზე საუბარი.
საქართველომ თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაზე მუშაობა დაიწყო 2004 წლის ნოემბერში “ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის” შესახებ გამართული კონსულტაციების საფუძველზე. შესაბამისად, 2005 წელს თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის (თსმ)-ს განხორციელების კონცეფცია, რომელიც შედგებოდა სამი ფაზისგან:
· აღჭურვილობის, ინფრასტრუქტურისა და პერსონალის ინვენტარიზაცია და ძალთა შესაძლებლობების დადგენა;
· ძირითადი სტრატეგიული და დამხმარე დოკუმენტების შემუშავება
· ძალთა ოპტიმალური სტრუქტურის შემუშავება
მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში ძალთა დაგეგმვის 10-15 წლიანი პერიოდია გათვალისწინებული, თსმ-ს საწყის ეტაპზე ძალთა დაგეგმვა განისაზღვრა რვაწლიანი პერიოდით. აღსანიშნავია, რომ “თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის შემაჯამებელ მოხსენებას” წინ უსწრებდა “თსმ-ს შუალედური მოხსენება, რომელიც 2006 წლის მაისში მომზადდა ინგლისურ ენაზე და პირველ და მეორე ფაზების დასრულებას ეხებოდა. 2007 წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებლივი აქტით ძალაში შევიდა თსმ-ს შემაჯამებელი მოხსენება და ამჟამად ამ დოკუმენტში გათვალისწინებული ღონისძიებები თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
არსებული თსმ-ს პროცესი მოიცავს საქართველოს შეიარაღებულ ძალების დეტალურ ანალიზს მოკლე (2007-2009), საშუალო (2010-2012) და გრძელვადიანი(2013-2015) პერიოდებისათვის. იგი ემყარებოდა ამ პერიოდებისათვის გაკეთებულ სამხედრო და პოლიტიკურ ვარაუდებს. თსმ-ით გათვალისწინებული სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდა გენერალური შტაბის გარდაქმნა გაერთიანებულ შტაბად, ჩამოყალიბდა სახმელეთო ჯარების სარდლობა და დაკომპლექტდა შესაბამისი პერსონალით. ტოტალური და უპირობო თავდაცვის პრინციპის შემოღებით შეიცვალა ასევე რეზერვის წვრთნისა და მობილიზაციის სისტემა.
საქართველოს უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით 2007 წლის ნოემბერში თავდაცვის სამინისტრომ შეიტანა ცვლილებები თსმ-ს შემაჯამებელ მოხსენებაში, რის გამოც შეიქმნა ახალი, მე-5 ბრიგადის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გრაფიკი. 2007 წლის ბოლოს მომზადდა თსმ-ს განხორცილების გეგმა, რის მიხედვითაც უნდა შემუშავებულიყო თსმ-ს ტრანსფორმაცია, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ მომხდარა ამ მიმართულებით.
თავად დოკუმენტი იყოფა 6 თავად.
პირველ თავში მიმოხილულია თსმ-ს მეთოდოლოგია, რომელიც აღწერს შესაძლებლობებზე დაფუძნებული შეიარაღებული ძალების განვითარების პროცესს.
მეორე თავი აღწერს თავდაცვის დაგეგმვის შესახებ კანონით განსაზღვურული სტრატეგიული დონის უსაფრთხოების დოკუმენტებს: კანონს თავდაცვის დაგეგმვის შესახებ, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, საფრთხეების შეფასების დოკუმენტს, ეროვნული სამხედრო სტრატეგიას, მინისტრის ხედვას, სამხედრო განვითარების პროგრამებს, თუმცა დოკუმენტში ეს უკანასკნელი ნაკლებადაა ჩამოყალიბებული.
მესამე თავში განხილულია ძირითადი პოლიტიკური და სამხედრო ვარაუდები და თავდაცვის პრიორიტეტები და მოთხოვნები, რომელიც ასევე ეტაპობრივად იყო გათვლილი 2007-2015 წლამდე, თუმცა, უნდა ითქვას, რომ სამხედრო ვარაუდების გათვლა ზედმეტად ოპტიმისტურად იყო ჩატარებული და როგორც დრომ აჩვენა, რეალობას იყო მოკლებული. ამის შესახებ შტაბეჭდილების შექმნა შესაძლებელია სამხედრო ვარაუდების დეტალური განხილვით
მაგალითად: ძირითადი პოლიტიკური ვარაუდები – პერიოდი: 2007-2009
სამხედრო ვარაუდების მიხედვით, 2007-09 წლებში ფართომაშტაბიანი სამხედრო აგრესიის ალბათობა დაბალი იყო, თუმცა არ გამოირიცხებოდა მცირე შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმის შესაძლებლობა. ამასთანავე არ გამორიცხებოდა რუსეთის სამშვიდობო ძალების დარჩენა კონფლიქტურ რეგიონებში.
პოლიტიკური ვარაუდების გათვლების მიხედვით გაურკვეველი იყო, თუ რით იქნებოდა განპირობებული 2007-09 წლებში კავკასიაში “გაყინული კონფლიქტების” მოგვარება, ხოლო 2010-12 წლებისთვის ამავე პოლიტიკური ვარაუდით კონფლიქტების მოგვარების მიზნით, რატომ დაიწყებდნენ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობები საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკების გზების ძიებას.
იმავე დოკუმენტის 3.3 პუნქტის თავდაცვის პრიორიტეტების მიხედვით ასევე განსაზღვრული იყო შემდეგი სამხედრო მოთხოვნები: აგრესიული ქმედებების ან ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ღონისძიებების აღსაკვეთად მობილური საბრძოლო შესაძლებლობიბის მქონე შეარაღებული ძალების ჩამოყალიბება. “ტოტალური და უპირობო თავდაცვის” პრინციპის შესაბამისად, ეფექტური სამხედრო რეზერვის შექმნა და სხვა.
ომის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ ამოცანების შესრულება შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეძლეს. ასევე არაეფექტური იყო ეროვნული გვარდიის ახალი სარეზერვო სისტემა, რომლის მიხედვითაც აქცენტი კეთდებოდა ძირითადად სტუდენტების მომზადებაზე, მათ რაოდენობაზე და არა ხარისხზე, რამაც სავალალო შედეგები გამოიღო აგვისტოს ომის პერიოდში. დღეს უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს უფრო პიარ აქცია იყო, ლოზუნგით-“წამო რეზერვში მაგარია!” და გრძელვადიან პერსპექტივაში რაიმე სტრატეგიულ გათვლებს მოკლებულიყო იყო. უნდა აღინიშნოს, რომ აგვისტოს ომმა რადიკალურად შეცვალა ეს გათვლები, ხოლო ახალი დოკუმენტი ამ მხრივ ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია და შესაბამისად არ არის მიღებული.
თსმ-ს მეოთხე თავი მიმოიხილავს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიზნებს და ამოცანებს, რომელიც დაფუძნებულია სამხედრო და პოლიტიკურ ვარაუდებზე. ამ ქვეთავში დეტალურადაა განხილული სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო ძალების ამოცანები, სპეცდანიშნულების ძალებისა და ეროვნული გვარდიის მიზნები და ამოცანები. ომმა ასევე აჩვენა თუ რამდენად მოახერხეს სარდლობებმა და ეროვნულმა გვარდიამ დოკუმენტში არსებული მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულება.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის შესაბამის კანონში შეტანილი ცვლილებით საზღვაო ძალები აღარ ირიცხება შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში და იგი ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებას. ცვილებები ასევე შეეხო საჰაერო ძალებსაც და კანონში “თავდაცვის შესახებ” შეტანილი ცვლილებებით იგი სახმელეთო ჯარების ერთ-ერთ კომპონენტად იქნა გარდაქმნილი.
მეხუთე თავი მიმოიხილავს შესაძლებლობათა ანალიზის მეთოდოლოგიას, დაგეგმვის სცენარებს. რისკებისა და საფრთხეების მატრიცა შემუშავდა სამხედრო-პოლიტიკური ვარაუდების დეტალური შეფასებისა და საფრთხეების შეფასების საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობით. რაც შეეხება თავად პროცესს, აღსანიშნავია, რომ ამ საფრთხეების/რისკების შეფასებისას, შინაგან საქმეთა სამინისტრო წამყვანი სამთავრობო უწყებაა, რომელიც საქართველოს საზღვრებს შიგნით პასუხისმგებელია საფრთხეებზე რეაგირების თვალსაზრისით. სცენარების მეშვეობით დგინდება საქართველოს შეაიაღებული ძალების მიერ განსახორციელებელი მიზნები და ამოცანები, რომლებიც გათვალისწინებულია ძალთა დაგეგმვის პროცესის დროს.
საფრთხეთა კატეგორია და რისკების შეფასება
[ცხრილი იხილეთ თანდართულ (მიბმულ) ფაილში]
როგორც ცხრილიდან ჩანს, კონფლიქტებს სეპარატისტულ რეგიონში საკმაოდ მაღალი ალბათობა გააჩნდა, მაღალი ალბათობით გამოირჩეოდა საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე, ხოლო რეალურად ფართომაშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია, რომელიც განხორციელდა 2008-ში, ძალზედ დაბალი რისკებით იყო შეფასებული, თუმცა 2008-ში რეალურად სულ სხვა სცენარი განვითარდა, დაიწყო კონფლიქტი სეპარატისტულ რეგიონში, რაც დასრულდა ფართომაშტაბიან აგრესიით. ეს სცენარი, საერთოდ არ ყოფილა განხილული ამ მატრიცაში.
მეექვსე თავში განსაზღვრულულია ძალთა სტრუქტურა ახლო, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ამ თავის მიხედვით 2007-09 წლებში შეიარაღებული ძალების რაოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 26, 007 კაცით , თუმცა ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გაურკვეველი მიზეზების გამო შეადგინა 37ათასი კაცი.
გარდა იმისა, რომ ეს ზრდა არ ეყრდნობოდა თავდაცვის დოკუმენტებში შეტანილ ცვლილებას, ასევე იყო ობიექტური პრობლემები ამ მხრივ, რამდენადაც სამეთაურო რგოლის დიდ დეფიციტს განიცდიდა შეიარაღებული ძალები. არცერთი ბრიგადის მეთაური თავისი განათლებითა და გამოცდილებით არ შესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობდას. მათი განათლება შეესაო ზრდა არ ეფუძნებოდა რაიმე გათვლილ ნაბიჯს, რამაც შესაბამისი შედეგი გამოიწვია აგვისტოს ომის პერიოდში. ომის წინ ბატალიონის დონეზე ოფიცერთა პირადი შემადგელობის დაკომპლექტება საბრძოლო ნაწილებში შეადგენდა 60-70%-ს, რაც იწვევდა მართვის სერიოზულ პრობლემებს.
საქართველოს გამოცდილებამ სტრატეგიული დოკუმენტების შექმნის პროცესში აჩვენა, რომ დინამიურად ცვლადი გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში აუცილებელია სტრატეგიული დოკუმენტების განახლების მუდმივმოქმედი მექანიზმების/უწყებათაშორისი ინსტიტუტების შექმნა. ვფიქრობ ასევე აუცილებელია სტრატეგიული დოკუმენტების შესრულებაზე რეალური მონიტორინგის მექანიზმი, რაც დაავალდებულებდა და დააჩქარდებდა შესაბამის უწყებებს მასში ცვლილებების შეტანას.
იმედს ვიტოვებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო ამ წლის ბოლომდე დაამტკიცებს განახლებულ თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვას და იგი დამყარებული იქნება როგორც ქვეყნის, ასევე შეიარაღებული ძალების რეალურ შესაძლებლობებსა და პოტენციალზე.
(სრული დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე)