მრგვალ ბაღთან მომხდარი ქუჩური გარჩევის სასამართლო დასასრული

  13:59:56     12-10-2011

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბექა ნიგურიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გახსოვთ ალბათ, თბილისის ცენტრში, მრგვალ ბაღთან მომხდარი ქუჩური გარჩევა. მაშინ დაახლოებით 15 ახალგაზრდას შორის მომხდარი შელაპარაკება 18 წლის ბექა სუხიაშვილის დაჭრით დასრულდა. იგი გულმკერდის არეში უმძიმესი დაზიანებებით,  სასაწრაფო დახმარების ავტომაქანით, მეცხრე საავადმყოფოში გადაიყვანეს. სუხიაშვილს დანით ფილტვი და აორტა ჰქონდა დაზიანებული, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ისე დასრულდა, რომ ბექა ნიგურიანი მიმალვაში იმყოფებოდა. მისი დაკავების შემდეგ პროცესმა სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა. საქმის განხილვა გუშინ გაიმართა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დაზარალებულიც და ბრალდებულიც საპროცესო შეთანხმების მომხრეა. დაზარალებულის ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ დაზარალებული საპროცესო შეთანხმების მომხრეა და ბრალდებულის მხარე, ამასთან დაკავშირებით, პროკურატურასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. პროცესზე ადვოკატთან ერთად, მხოლოდ ბექა სუხიშვილის დედა გამოცხადა. ის ამბობს, რომ მისი შვილი ნიგურიანს არ იცნობდა, ინციდენტი მათ შორის შელაპარაკებას მოჰყვა. რადგან მისი შვილი ცოცხალი გადარჩა, ბრალდებულის საპროცესო შეთანხმებას არც ის ეწინააღმდეგება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ჯერ–ჯერობით უცნობია. ბექა ნიგურიანის დანაშაული სსკ–ის 19, 108–ე მუხლით, 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილითა და 238–ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაკვალიფიცირებული. შემდგომი პროცესი, რომელზეც სასამართლო სავარაუდოდ გადაწყვეტილებას გამოიტანს, 18 ოქტომბერს გაიმართება.