ლექსო გელაშვილის რამდენიმე ლექსი (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან)
13:57:27     12-10-2011
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს წარმოვუდგენთ ჩვენი თანამედროვე პოეტის, ლექსო გელაშვილის რამდენიმე ლექსს.
ლექსო გელაშვილი დაიბადა 1968 წელს, ქიზიყში. დაამთავრა რუსთავის 17-ე საშუალო სკოლა. სწავლობდა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, მერე ტექნიკურ უნივერსიტეტში.
გამოცემული აქვს ლექსების სამი კრებული.
ლექსო გელაშვილი მუშაობს რუსთავის სიონთან არსებულ სამრევლო სკოლაში და "ქვემო ქართლის ტელეკომპანიაში". არის სტუდია "გუთანის" დამფუძნებელი და რეჟისორი ... ჰყავს მეუღლე დ 4 შვილი.
ქალი ქარში
ქა–რი
ქა–ლის
კოხ–ტა
ტა–ნის
სილუეტს
ეტმასნება.
ქალი
კრთება,
ითენ–თება.
ნეტავ, რა ემარ–თება?
ღელავს ქა–რი,
გულდამწყდა–რი,
ერთი ნატვრა უჩნ–დება:
დაი–შალოს,
დაი–ფანტოს
პაწაწინა ტუ–ჩებად.
შემოერტყას ქალის სხეულს,
დაჰ–კოც–ნოს და
დაჰ–კბი–ნოს.
დაუყენოს ვაჟებს თვალი, –
ყველას გული ატკი – ნოს.
ჩემი გუ – ლი,
დაჩაგრუ–ლი,
ნება – ნება ფეთქ–დება.
ქა – რი
ქა – ლის
კოხ – ტა
ტა – ნის
სილუეტს ეხეთ – ქება.
მე მოვალ შენთან. . .
მე მოვალ შენთან
არა ისე, როგორც ყოველთვის...
მე მოვალ შენთან
სულ სხვანაირი,
შენ გამო,
შენთვის.
მოგიტან ვარდებს,
პირმოცინარ,
სახეგაბადრულ,
გულგადახსნილ
ვარდისფერ ვარდებს.
არაფერს გეტყვი,
არ შემოგახვევ ჩემს მღვრიე დარდებს.
შემოგასხურებ შვების წვეთებს
ძველ ტკივილებზე,
გადაგასვენებ რუხი მთების
თეთრ გვირილებზე...
გაინაბები, გაოცებული ჩემი ქმედებით,
დაიფარები ჯადოსნური ცისარტყელებით.
დახუჭავ თვალებს,
თვალებს მოღლილს,
სავსეს ტკივილით
და გადაქანცულს დაგეძინება
თბილი ღიმილით...
მე მოვალ შენთან...
მე მოვალ ახლოს,
მოვალ ახლოს,
მოვალ ახლოს და
მოგეფერები,
მოგეფერები არა სიტყვით,
არა შეხებით...
მხოლოდ ოცნებით – ჩემი ოცნებით,
მხოლოდ ლოცვით – ჩუმათი ლოცვით,
პაწაწა ლოცვით
მოგეფერები...
მე მოვალ შენთან,
არა ისეთი, როგორიც უწინ.
მე მოვალ შენთან გრძნობით გულუხვი
და არა ძუნწი.
მე დაგიკოცნი...
არა ღაწვებს,
არა ბაგეებს,
რადგან ეს კოცნა კვლავ გაგამწარებს,
კვლავ მარცხს გაგემებს.
მე დაგიკოცნი...
არა თვალებს,
არა წამწამებს...
სულს დაგიკოცნი,
სულს გატანჯულს,
სულს განაწამებს...
მერე დაგტოვებ არა ისე,
როგორც ვიცოდი,
(დაგანახვებ, რომ ადრე თურმე
ცუდად მიცნობდი):
გულში დაგლოცავ,
უხმოდ წავალ,
არ გაგაღვიძებ.
და გრძნობით სავსე,
გულით მთელი,
სულით ნათელი
სიტყვის უთქმელად გავერევი
უბნის ლოთბიჭებს.
ღვინოს დავასხამ, ჭიქას ავიღებ
და შენი ლოცვით კვლავ ტვინს წავიღებ...
შენ კი იხარე, ჰკოცნე ძლიერებს,
ხელს არ შეგიშლი,
იბედნიერე...
მე მოვალ შენთან,
როდესაც გიჭირს – სული გაწუხებს: ჩუმად გიშველი,
ჩუმად ჩამოგხსნი ტანჯვის მარწუხებს...
მე მოვალ შენთან,
როდესაც გძინავს, ტკბილ სიზმრებს ხედავ.
მე მოვალ შენთან,
მოვალ ახლოს,
მოვალ ახლოს და...
მხოლოდ დაგხედავ.
Corrida
ბრბო შეტოკდა და
ბრბო შებარბაცდა,
მოუთმენლობამ ჩამოჰკრა ზარი...
და სავსე გულით დამძიმებული
კორიდორიდან დაიძრა ხარი.
ზეწამოიჭრა მაყურებელი
(არენა ელის მებრძოლთა წვევას...)
და გამოწვრთნილი ტორეადორი
ჰაერში იწყებს მულეტის რხევას.
წითელი ფარდის აელვარებამ
არია ხარი...მოაწვა სისხლი...
და სულის ბოღმამ და მწუხარებამ
ბრბოს ამამღვრეველს
შეხედა რისხვით.
წინა ფლოქვებით დაჩიჩქნა სილა
მრისხანე მზერა ატაკა ფრიალს,
წამში გაწყვიტა შიშის სინსილა
და გაექანა მტრის განსაგმირად.
მაგრამ ...დამარცხდა ერთხელ, მეორედ...
წაღმა-უკუღმა იწყო რიალი...
და მოტყუებულს თვალიდან წასკდა
სასოწარკვეთილ ცრემლთა თქრიალი.
მაშინ დაღლილ ხარს გარს შემოევლნენ
ცხენებზე მსხდარი პიკადორები,
შხამა შუბები გავაზე დაჰკრეს
და დააყენეს სისხლის ტბორები.
დაჭრილი ხარის გმინვა და კვნესა
ხალხს ტკბილ ჰანგებად ჩაესმა ყურში...
და ამ ღმუილის მჟღერი შხეფები
შვებად ჩაეშვა მათ ფუყე სულში...
- ოლეე, ოლეე... - გუგუნებს ხალხი...
და მოუწოდებს ხარს ბრძოლისაკენ.
- ოლეე, ოლეე... - ხმა მძლავრდება და...
მიიწევს ხარი ღრმა გლოვისაკენ.
დაჭრილის ტანჯვა კიდეებს აკრთობს,
ტორეროები მაინც ურჩობენ:
და მომაკვდავის დაფლეთილ სხეულს
კისერში რკინის ჭვილთებს ურჭობენ.
ირევა ხალხი...
ტირის ხარობა...
მატადორობა ბრბოს სისხლით აცხრობს...
და ეს საცირკო სანახაობა
მოწყენილობას მუსრავს და აქრობს...
ასეთი არის პოეტის ბედიც...
ხარივით წვალობს, კვნესის, ღრიალებს
და მაინც იბრძვის მანამდე, სანამ
სრულიად თავს არ გაიტიალებს.
- ოლეე, ოლეე... - ხალხს სურს სიმღერა.
- ოლეე, ოლეე... - ხვეწნა მძლავრდება...
და არენაზე პოეტის ბედიც
მისტერიული მსხვერპლით მთავრდება.