ფრანსუა მორიაკი

  13:56:36     12-10-2011

ცნობილი ფრანგი პოეტი, ესეისტი, დრამატურგი და მწერალი ფრანსუა მორიაკი (François Mauriac) დაიბადა 1885 წლის 11 ოქტომბერის, ბორდოში, შეძლებულ ოჯახში. სწავლობდა ბორდოს უნივერსიტეტის ჰუნანიტარულ-ფილოლოგიურ ფაკულტეზე. 

მისი ლექსების პირველი წიგნი გამოვიდა 1909 წელს ავტორის ხარჯით. 1913 წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი, „ბავშვი ბორკილებში“, რომლებშიც წამოჭრილია რელიგიური თემატიკა. რელიგიური თემატიკა განმსაზღვრელი გახდა მის შემოქმედებაში.

მორიაკი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. მეორე მსოფლიო ომის დროს მწერალი წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე გახლდათ.

1925 წელს მორიაკს მიენიჭა საფრანგეთის აკადემიის ლიტერატურის პრემია, 1933 წელს საფრანგეთის აკადემიის წევრად იქნა არჩეული.

1952 წელს ფრანსუა მორიაკი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 1958 წელს მიანიჭეს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო - საპატიო ლეგიონის ორდენი.

ფრანსუა მორიაკი გარდაიცვალა 1970 წელს, პარიზში.

მისი შემოქმედებისა და მსოფლმხედველობის შესახებ არა ერთ ლიტერატორს გამოუთქვამს თავისი აზრი. დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ ნაწყვეტს ცნობილი ფრანგი მწერლისა და კრიტიკოსის, ლიტერატურული მემატიანის - ანდრე მორუას საკმაოდ ვრცელი წერილიდან „ფრანსუა მორიაკი“ („ლიტერატურული პორტრეტები“).

 

ანდრე მორუა - ფრანსუა მორიაკი

(ნაწყვეტი)

„ლიტერატურული გზის დასაწყისში მორიაკი თავის მოვალეობად თვლიდა დასასრულს - საკმაოდ გამჭვირვალე ხელოვნური ფანდის დახმარებით - ღმერთთან მიეყვანა ისინი, ვინც ხორციელმა სურვილმა ან სიძუნწემ ანარიდა უფალს. „და მთელი ეს ნაღები საზოგადოება - ირონიით წერდა ერთი კრიტიკოსი, - პირდაპირ სამოთხეში ჩადიოდა“. მოგვიანებით მორიაკი ულმობელი გახდა ფორმალური ხასიათის ამ მოჩვენებითი ხსნის მიმართ, რადგან იგი არ უკავშირდება ჭეშმარიტ მონანიებას, იმ ღრმა გარდაქმნებს ადამიანის სულში, მხოლოდ სიკეთეს რომ ადასტურებენ. მწერალი უფრო ლმობიერია ნორჩი ყაჩაღანისა და თავაშვებული ბიჭის თვით ყველაზე უმდაბლესი მოქცევის მიმართ, ვიდრე იმათთან, ვინც „ქვეყნად ყველაზე უწმინდესის კარიკატურას წარმოადგენს. მაშინ ათეისტიც კი, მორიაკის შეხედულებით, ზოგჯერ ნაკლებად შორს დგას ღმერთისგან, ვიდრე ამ უღვრთო მუზმუზელას ცოლი, ყოველი თავისი სიტყვით და მოქცევით რომ უარყოფს ქრისტეს: „არ ყოფილა დალოცვილობის არც ერთი ფორმა, - წერს თავის ცოლს რომან „ასპიტის ბუდეს“ გმირი, - რომელიც შენთვისვე არ დაგეპირისპირებინოს“.

რაც უფრო მეტ სულიერ სიმწიფეს იძენს მორიაკი, რაც უფრო უკეთ შეიცნობს ადამიანებს, მით უფრო შეურიგებელი ხდება მისი დამოკიდებულება ყალბი სიკეთის მიმართ. საკუთარ თავს, თვით საკუთარ გარდამავალ წარმატებებსაც კი ისეთივე ულმობელი სიცხადით სჯის, როგორითაც სხვებს. „ვიმყოფინოთ ვაჟკაცობა და ვაღიაროთ, - წერს იგი თავისი უმაღლესი ტრიუმფის დღეებში, - რომ წარმატება ჭეშმარიტი პატივმოყვარეობის ზომაა - ისეთი გაწაფული მზვაობრობა, როცა ადამიანი თითქოს ამაზე სულაც არ ფიქრობს. გამოკვეთილი გაუფრთხილებლობა, გულღიაობა, კადნიერი სითამამე, სარწმუნოების გულწრფელი აღსარება, მძაფრი სიუჟეტებისაკენ მიდრეკილება, მოჩვენებითი განუსჯელობა - ყოველივე ეს ადამიანის მოქცევის შედეგი ხომ არ არის, რომელიც გრძნობს სინამდვილით გაუქმებულ ფარულ ვარაუდთა ამაოებას და საკუთარ ინსტინქტს ენდობა: ეს ინსტინქტი კი მოგვაგონებს ჯორების ინსტინქტს მთებში, სრული არხეინობით რომ მიყიალობენ უფსკრულის გზაზე“.

„ამ შემთხვევაში, თავის გადარჩენის ინსტიქტი თითქოს უფრო იზრდება და წარმატების ინსტიქტად იქცევა, თანაც, მისი გამოვლინება უჩვეულოდ საიმედო და უშეცდომოა. თუმცა, ამგვარი ინსტიქტი სავსებით შეესაბამება ერთგვარ განდეგილობას - იგი მაშინ ჩნდება ხოლმე, როცა წარმატება უკვე მიღწეულია. მიაღწიო ყველაფერს, ოღონდ არა ისე, რომ ტკბებოდე მიღწეულით, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ მეტად ამაზე აღარ იფიქრო, - აი მეთოდი, რასაც მომართავენ ის ქრისტიანები, რომელთაც სურთ პატივმოყვარეობისაგან განკურნება; ფიქრობენ, პატივმოყვარეობას მხოლოდ იმიტომ არიან მოკლებულნი, რომ მიღწეულ მდგომარეობას, როგორც მოსაწყენ საქმეთაგან თავის დახსნის საშუალებას, ისე უცქერიან. პატივის მოხვეჭა ბუნებრივად, ხრკების გარეშე, ისეთნაირად, რომ ვერავითარმა ფუჭმა საქმემ ჭეშმარიტად აუცილებელ მიზნებს ვერ ჩამოგვაშოროს... როგორც ცნობილია, არც ერთ წმინდანს არ აურჩევია ასეთი გზა ღმერთთან დასაახლოებლად. მხოლოდ ვიღაც ბოსუეს, ფენელონს ან ლაკორდერს...“

ამრიგად, თვითონ ბოსუეს ან ფენელონს... ჰო, რასაკვირველია, ისინიც ხომ ადამიანები იყვნენ და თანაც, პირველჩენილი ცოდვით ნიშანდებულნი. ყოველ ჩვენგანში - ეპისკოპოსში, სოვდაგარში, პოეტში, - აღმოაჩენთ „მტაცებელ ნადირს და ჩვილ გულს“. ყოველ ჩვენგანში... და მორიაკიც კიდევ დიდხანს დაკმაყოფილდება იმით, რომ დაგვიწყებს განუსჯელად ადამიანების ჩვენებას, რომელნიც სიწმინდის ბუნდოვან წყურვილსა და ცდუნებათა საშინელ შემოტევას შორის თავგზააბნეულნი აქეთ-იქით აწყდებიან. „შეუძლებელია, - ამბობდა თავითვის მწერალი, - დახატო თანამედროვე სამყარო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, და არ ამხილო რომელიმე წმინდა მითითების გათელვა“. მწერალს ეგონა, მადლგამოწურულ სულთა სიმდაბლე ქრისტიანობის საუკეთესო აპოლოგია იყო უღვთო ქვეყანაზე. მაგრამ შემდეგ, ცხოვრების ნახევარგზაზე, მზის სხივმა გაუპო შემოქმედების წყვდიადი.“...

... კიდევ ერთი ამბავი მოათავებს მორიაკის სულში მომხდარ სასწაულს. ამ სასწაულს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მორიაკის მოქცევა, თუმცა ღმერთთან დაბრუნება კი უფრო იყო. მიაღწია თუ არა შუახანს, საშინელმა ავადმყოფობამ, რომელმაც (საბენიეროდ შიში არ გაუმართლდა) ყელის კიბოდ თვლიდნენ, სიკვდილის კარიბჭეს მიაყენა მწერალი. მრავალი თვის განმავლობაში მეგობრებსა და ახლობლებს მორიაკი განწირულად მიაჩნდათ. და მან, სიყვარულის არსებობაში ესოდენ დაეჭვებულმა მამაკაცმა, საკუთარი თავი იმდენად ძლიერი სიყვარულით გარემოსილი იხილა, რომ ყოველგვარი ეჭვი გაუქარწყლდა. „მრავალი მკითხველი და მრავალი კრიტიკოსი მისაყვედურებდა, - ისევე, როგორც ცუდი ყოფაქცევისთვის უსაყვედურებენ ხოლმე, - იმ პესიმიზმს, ბნელი პერსონაჟუბის დახატვის უფლებას რომ მაძლევდა. მე თვითონაც ვუსაყვედურებდი ხოლმე ჩემს თავს ამ პესიმიზმს, ვუსაყვედურებდი ავადმყოფობის დღეებში, როცა არაჩვეულებრივ, კეთილ და ერთგულ ხალხს ვხედავდი გაშემო. დიდად აღტაცებული ვიყავი ჩემი ექიმით. ვფიქრობდი იმათზე, ვისაც ჩემი გაჩენის დღიდან ვუყვარდი და ვერ ამეხსნა, თუ როგორღა ვახერხებდი ადრე ხალხთა მოდგმის ასე შეუბრალებლად ჩვენებას. სწორედ მაშინ დამებადა სურვილი დამეწერა წიგნი, რომელზეც ახლა ვმუშაობ“.

წიგნი, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ, - „ფრონტენაკის საიდუმლო“ - ნამდვილად ყველაზე გრძნობამორეული, ყველაზე ჰარმონიული და უშუალოა მორიაკის რომანებში. ესაა ოჯახური ცხოვრების ნათელ და ფაქის მხარეთა სურათი, რომელიც გვიჩვენებს დედის მზრუნველობის ქვეშ მცხოვრები ძმებისა და დების მეგობრობას, - იმ დედისა, შვილებს თავგანწირულებითა და ამაყი ღირსებით აღვსილი რომ იცავს. წიგნის გმირებში შეიცნობთ თვითონ მორიაკს, ჭაბუკ პოეტს და მის უფროს ძმას, საოცრად გულიან და ყურადღებიან პიეროს. დიდების პირველი სხივები აცისკროვნებენ ამ ახალგაზრდების შუბლს; ახალი ნაყარი შუქდება მზის სხივებით; დაუბერავს ნელი სიო. „სამყაროში შემოდის მკაცრი კანონებით მართული სიყვარული და შემოაქვს განუზომელი ბედნიერება“....