კოკოითის „ძალოვანი უწყებების“ თანამშრომლები თედეევის მხარეს გადადიან

  16:10:41     11-10-2011

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, დაასრულა საინიციატივო ჯგუფების მიერ, კანდიდატების წარსადგენად საჭირო დოკუმენტაციის მიღება. 19 ოქტომბერს გახდება ცნობილი, თუ რამდენ კანდიდატს დაარეგისტრირებს კომისია.

ამ დროისთვის კი, კოკოითის სავარძლის 9 პრეტენდენტი უკვე ცნობილია: ესენი არიან საბავშვო-საყმაწვილო სპორტული სკოლის მასწავლებელი ალან კოჩიევი, ყოფილი „დეპუტატი” ვლადიმერ ქელეხსაევი, პურ-ფუნთუშეულის ქარხნის დირექტორი ვადიმ ცხოვრებოვი, ლიკვიდირებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი დიმიტრი ტასოევი, საავადმყოფოს განყოფილების გამგე აივარ ბესტაევი, ცხინვალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ალან კოტაევი, საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ანატოლი ბიბილოვი, შსს-ოს თანამშრომელი სოსლან თედეთი და მთავარი სასამართლო აღმასრულებელი სერგეი ბიტიევი.

არჩევანი მართლაც მრავალფეროვანია და ეს მრავალფეროვნება კიდევ უფრო საინტერესო მას შემდეგ გახდება, თუ 19 ოქტომბერს  „საპრეზიდენტო სიას” სხვა კანდიდატებიც მიემატებიან. კოკოითის სკამზე პრეტენზია, სულ 28 ადამიანს აქვს და მათ შორის, ჯამბულათ თედეევს, რომელსაც საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა. თუმცა გაირკვა, რომ მას ერთი შანსი მაინც მისცეს. ე.წ. უმაღლესი სასამართლო თანახმაა განიხილოს თედეევის საჩივარი მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების გაბათილების შესახებ. დატოვებს თუ არა ძალაში სასამართლო ცხინვალის საარჩევნო კომისიის ვერდიქტს, 13 ოქტომბერს გაირკვევა.

მართალია, როგორც ამბობენ, კრემლის კანდიდატად მოაზრებულ ბიბილოვს, ე.წ. წინასაარჩევნო რეიტინგი ძალიან სუსტი აქვს, მაგრამ პურ-ფუნთუშეულისა ქარხნის დირექტორისა და სპორტული სკოლის მასწავლებლის კამპანიაში, შეიძლება გაუმართლოს, - თუ, რა თქმა უნდა, თედეევი არ ჩაერთვება ბრძოლაში.

როგორც ამბობენ, მისი რეიტინგი დღეს ყველაზე მაღალია. თედეევის სახლში და სახლთან მხარდამჭერთა წრე სულ უფრო ფართოვდება და უკვე მიტინგებიც ეწყობა. ცხინვალის ცენტრში გუშინ დაგეგმილი „სამთავრობო” აქცია კი, სწორედ იმის გამო ჩაიშალა, რომ ხალხი არ მივიდა. 3 საათზე დანიშნული შეკრება 5 საათისთვის გადაიტანეს, მაგრამ „აუდიტორია,” კოკოითის თანამზრახველებმა, ვერც საღამოს შეკრიბეს.

სამაგიეროდ, კოკოითმა ტაქტიკა შეცვალა და უფრო შემწყნარებელი გახდა. განაცხადა, რომ ცხინვალში მიმდინარე დაპატიმრებებთან დაკავშირებით არაფერი იცოდა... დაკავებულებს პროკურატურასთანაც უშუამდგომლა და მათი პატიება სთხოვა. თედეევის რამდენიმე მომხრე მართლაც გაათავისუფლეს პატიმრობიდან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თედეევის მხარეს გადადიან კოკოითის ძალოვანი უწყებების თანამშრომლებიც. რამდენად სარწმუნოა თავად თედეევის მტკიცება, რომ კრემლი მის მიმართ გულგრილი არ არის, ეს 13 ოქტომბერს გამოჩნდება, როცა ე.წ. უმაღლესი სასამართლო დაადგენს, შეუძლია თუ არა თედეევს „საპრეზიდენტო” არჩევნებში მონაწილეობა.