ცელსუსის ბიბლიოთეკა

  12:58:45     11-10-2011

ცელსუსის ბიბლიოთეკა ანტიკური შენობაა ეფესოში, ანატოლიაში. დღეისათვის ის თურქეთის შემადგენლობაშია. აშენებულია ანტიკური ხანის ბერძენის, ტიბერიუს იულიუს ცელსუს პოლემეანუსის მიერ. შენობა ცელსუსის ვაჟმა გაიუს იულიუს აქვილამ (კონსული, 110 წ.), ჩვენი წელთაღრიცხვით 135 წელს დაასრულა. ცელსუსი კონსული იყო 92 წელს, აზიის მმართველი 115 წელს. ის წარმოშობით სარდისიდან იყო. შემდგომში გახდა რომის იმპერიის კონსული და ბიბლიოთეკაში მოიხსენება როგორც ბერძენი, ასევე, როგორც რომაელი. ცელსუსმა ბიბლიოთეკის მშენებლობა საკუთარი სახსრებით დააფინანსა.

ბიბლიოთეკა აშენდა 12,000 გრაგნილის შესანახად და ასევე, როგორც ცელსუსის მონუმენტური საფლავი. ცელსუსი დაკრძალულია ბიბლიოთეკაში სარკოფაგის ქვეშ. იმ დროისთვის, ძალიან უჩვეულო იყო ბიბლიოთეკაში, ან თუნდაც ქალაქის შიგნით დასაფლავება, ეს ცელსუსისთვის განსაკუთრებულ პატივს წარმოადგენდა.