ნაწყვეტი იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებიდან (ეფთვიმე მთაწმინდელის თარგმანი)
17:00:34     08-10-2011
დღეს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს იოანე ღვთისმეტყველის მიცვალების დღეს (დაახლოებით 110 წელი ჩვენი წელთააღრიცხვით, 26 სექტემბერი, ახალი სტილით 9 ოქტომბერი).
იოანე ღვთისმეტყველი, იგივე იოანე მოციქული იყო ქრისტეს ყველაზე საყვარელი მოწაფე. ის ყველაზე ახალგაზრდა გახლდათ თორმეტ მოციქულთა შორის. იოანე და მისი ძმა იაკობი იესო ქრისტემ ნახა გალილეის ზღვის ნაპირას ნავში მსხდარნი და მოუწოდა გაჰყოლოდნენ (მათე, 4, 21). ძმები იყვნენ გალილეველი მეთევზის ზებედესა და სალომეს შვილები.
როგორც ვთქვი, იოანე ითვლება ყველაზე საყვარელ მოწაფედ მოციქულთა შორის. წმინდა იოანე თავის ძმასთან, წმინდა იაკობთან და წმინდა პეტრესთან ერთად იყო იაიროსის ქალიშვილის მკვდრეთით აღდგენის მოწმე (მარკოზი, 5,37). მხოლოდ წმ. იოანე, წმ. იაკობი და წმ. პეტრე იმყოფებოდნენ თაბორის მთაზე მაცხოვრის ფერიცვალებისას (მათე, 17, 1; მარკ. 9, 2; ლუკა, 9, 28); ასევე გეთსიმანიის ბაღში ქრისტეს ლოცვისას (მარკ. 14, 33). გოლგოთაზე კი ჯვარცმულმა მაცხოვარმა იოანე მოციქულს დაავალა თავის დედაზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე ზრუნვა. ანუ მას ჩააბარა დედა.
იოანე მოციქული იყო შესანიშნავი მთხრობელი მაცხოვრის ახალი აღთქმისა. დაახლოებით 95 წელს მან დაწერა სახარება.
მანამდე, კუნძულ პატმოსზე გადასახლების დროს, მას ჰქონდა გამოცხადება, რომელიც აღწერა (გამოცხადებაჲ ოანესი): „9. მე, იოვანე, ძმაჲ თქუენი და ზიარი ჭირსა და სუფევასა და მოთმინებასა თქუენსა ქრისტე იესუს მიერ, ვიყავ ჭალაკსა მას, რომელსა ეწოდების პატმო, სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს იესუ ქრისტესისა. 10. ვიქმენ სულითა დღესა კჳრიაკესა და მესმა უკუანაჲთ კერძო ჩემსა ჴმაჲ დიდი, ვითარცა საყჳრისაჲ, 11. რომელი მეტყოდა, ვითარმედ: რომელსა-ესე ჰხედავ, დაწერე წიგნსა შინა და წარეც შჳდთა მათ ეკლესიათა: ეფესოს და ზმირნას და პერღამოს და თჳატრის და სარდეს და ფილადელფიას და ლავდიკის»...
გარდა ამისა, არსებობს მის მიერ დაწერილი სამი ეპისტოლეც.
წმინდა იოანე ერთადერთია, რომელიც მოწამეობრივი სიკვდილით არ აღსრულებულა. მან იცოხლა ას წელზე მეტი და სიყვარულს ქადაგებდა და თესავდა ადამიანის გულებში. ის მიიცვალა დაახლოებით 110 წელს ეფესოში.
დღეს, როგორც ვთქვით, მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მისი მიცვალების დღეს. გადმოცემის მიხედვით, მისი საფლავი გათხარეს მოწაფეებმა და იქ ვერაფერი ნახეს. იოანე ღვთისმეტყველი ზეცად ამაღლდა.
დღევანდელი დღის აღსანიშნავად გთავაზობთ გავიხსენოთ პატარა ნაწყვეტი იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებიდან, კერძოდ 7-13 მუხლები, სადაც მოცემულია უფლის წერილი ფილადელფიის ეკლესიისადმი.
ამ ნაწყვეტს გთავაზობთ იმიტომ, რომ გავიხსენით იოანე ღვთისმეტყველის მიერ ჩაწერილი, გარდა ამისა, აპოკალიფსის ეს რედაქცია, არის თარგმნილი ქართველთა ერთ-ერთი მნათობის, ქართული სიტყვის ერთ-ერთი უდიდესი ოსტატის - ეფთვიმე მთაწმინდელის მიერ.
და კიდევ, კომენტატორები აღნიშნავენ, რომ ფილადელფიის ეკლესია არის ის, რომელმაც ყველაზე მეტად შეინარჩულა მაცხოვრისადმი ერთგულება. ბერძენი ბერის კირილე ლავრიოტისის თქმით, - რომელიც მოღვაწეობდა მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში, და რომელიც იკვლევდა იოანეს გამოცხადებას და დაწერილი აქვს კიდეც აპოკალიფსის ეგზეგეზა, - ფილადელფიის ეკლესია, რომლისადმი წერილსაც ჩვენ ვიხსენებთ, არის საქართველოს ეკლესია (მთლიანად საქართველო, ქართველი ხალხი).
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მადლი ნუ მოგვკლებოდეს ყველა ქართველს და ჩვენს ქვეყანას.
გამოცხადებაჲ იოვანესი
თავი 3, 7-13
7. და ანგელოზსა ფილადელფიისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს წმიდაჲ იგი და ჭეშმარიტი, რომელსა აქუს კლიტე დავითისი, რომელი-იგი განაღებს, და არავინ დაჰჴშას, გარნა განმღებელმან მან, და არავინ განაღოს დაჴშული იგი.
8. ვიცნი საქმენი შენნი. აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დაჴშვად ვერვინ შემძლებელ არს, რამეთუ მცირე ძალი გაქუს, და დაიმარხე სიტყუაჲ ჩემი და არა უარ-ჰყავ სახელი ჩემი.
9. აჰა ესერა მიგცემ კრებულისაგან ეშმაკისა, რომელნი იტყჳან თავსა თჳსსა ჰურიად, და არა არიან, არამედ ტყუვიან; აჰა ესერა ვყვნე იგინი, რაჲთა მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე ფერჴთა შენთა და ცნან, რამეთუ შეგიყუარე შენ.
10. რამეთუ დაიმარხე შენ სიტყუაჲ მოთმინებისა ჩემისაჲ, და მეცა დაგიცვა შენ ჟამისა მისგან განსაცდელისა, რომელსა ეგულების მოსლვად ყოვლსა ზედა სოფელსა გამოცდად მკჳდრთა მათ ქუეყანისათა.
11. აჰა მოვალ ადრე. იპყარ, რომელ-ეგე გაქუს, რაჲთა არავინ მიგიღოს გჳრგჳნი შენი.
12. რომელმან სძლოს, ვყო იგი სუეტად ტაძარსა შინა ღმრთისა ჩემისასა, და გარე არღარა განვიდეს და დავწერო მას ზედა სახელი ღმრთისა ჩემისაჲ და სახელი ქალაქისა ღმრთისა ჩემისაჲ ახლისა იერუსალჱმისაჲ, რომელი გარდამოვალს ზეცით ღმრთისაგან ჩემისა, და სახელი იგი ჩემი ახალი.
13. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.