საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში
14:31:49     08-10-2011
საქართველოს შეიარაღებული ძალები 1999 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებს სამშვიდობო მისიებში (ბალკანეთი, სპარსეთის ყურე, ავღანეთი).
კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული, (34 სამხედრო მოსამსახურე) 1999 წლიდან იღებდა მონაწილობას, ქ. მამუშაში განლაგებული თურქული ბატალიონის შემადგენლობაში, ხოლო 2003 წლიდან კი ერთი ქართული ასეული (150 სამხედრო მოსამსახურე) ქ. პრიზრენში, გერმანული ბრიგადის შემადგენლობაში. 2008 წლის მარტში ქართულმა სამშვიდობო კონტიგენტმა მთლიანად დატოვა ბალკანეთი.
ერაყში პირველად სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სამედიცინო ჯგუფი (70 სამხედრო სამედიცინო პერსონალი) და საინჟინრო ოცეული ქ. ტიკრიტში 2003 წელს გაემგზავრნენ. კოალიციური ჯარების შემადგენლობაში 2004 წელს მისიაში მონაწილე სამხედრო მოსასმახურეთა რაოდენობა 300 კაცამდე გაიზარდა, ხოლო 2005 წლიდან კი სამშვიდობო მისიის შესრულება 850 ჯარისკაცმა განაგრძო. ორი წლის შემდეგ, 2007 წლის ივლისიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით ერაყში სამშვიდობო მისიით ქ. ალ კუტში (ვასიტის პროვინცია) მესამე ქვეითი ბრიგადის 2000 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.
2008 წლის იანვარში III ქვეითი ბრიგადა I-მა ქვეითმა ბრიგადამ ჩაანაცვლა. ბრიგადის პირადი შემადგენლობა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად დისლოცირებული იყო ბაზა “დელტაზე” (ვასიტის პროვინცია) 1500 ჯარისკაცით, ბაზა “ქლეარზე” – 350 და ქ. ბაღდადში – 150 სამხედრო მოსამსახურით. I ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები სამშობლოში 2008 წლის აგვისტოში დაბრუნდნენ.
ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ISAF (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. პირველად, ISAF-ის ოპერაციაში 50-მა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მონაწილეობა 2004 წელს მიიღო, სადაც მათი ამოცანა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 2007 წლის ნოემბრიდან გჰორის პროვინციის ქ. ჩაგჩარანში ქართველი ექიმები ლიტვის რესპუბლიკის კონტინგენტის პროვინციის რეკონტრუქციის ჯგუფის შემადგენლობაში ასრულებენ სამშვიდობო მისიას 6 თვიანი როტაციით.
2009 წლის ნოემბერიდან პირველმა ქართულმა სამშვიდობო ასეულმა დაიწყო მისიის შესრულება ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში ქ. ქაბულში, რეგიონალური სარდლობის შტაბ-ბინაში მდებარე “ვორჰაუზ”-ის ბაზაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. როტაციის პრინციპის შესაბამისად ყოველ 6 თვეში ახალი ასეული ერთვება მისიაში.
თითოეულმა ასეულმა სამშვიდობო ოპერაციის მოსამზადებელი წვრთნები საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, ნატო-ს სტანდარტების სრული დაცვით ორი თვის განმავლობაში გაიარა. წვრთნების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალები კონტრ-ტერორისტული ოპერაციებისთვის საგანგებოდ მოემზადნენ.
2010 წლის აპირილიდან, ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის 750 სამხედრო პირი გაიგზავნა, რომელიც აშშ-ის სახმედრო ძალების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდა. 31-ე ბატალიონი მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა 2010 წლის ნოემბრის თვის განმავლობაში როტაციის წესით ჩაანაცვლა. 2011 წლის აპრილის შემდეგ სამშვიდობო მისიას ჰელმანდის პროვინციაში 33-ე ბატალიონი აგრძელებს. სამშვიდობო მისიისთვის ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება სამივე ბატალიონმა კრწანისის სასწავლო ცენტრში გაიარა. სწავლებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადა ხელმძღვანელობდა. სამხედროები გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდნენ, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდნენ. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა.
გარდა ამისა 2011 წლის აპრილიდან ყანდაღარის პროვინციაში, ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში ქართველი სამხედრო ინსტრუქტორები ასრულებენ მისიას.
საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, სამხედრო მოსამსახურეები იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას და გამოხატავენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ნატო-სა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ჯარებთან.