Le Monde: რუსული ჯარები ბალტიისპირეთის საზღვართან მობილიზდებიან

  23:12:05     07-10-2011

ნატო გაკვირვებულია ბალტიისპირეთის საზღვრებთან რუსული ჯარების თავმოყრის პროცესით. „ჩვენ არ გვსურს ავტეხოთ პანიკა, უბრალოდ, ვსვამთ კითხვას, რა ლოგიკას ექვემდებარება ეს ქმედება” – წერს „ლე მონდი“ ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით, რომელმაც ყოფილი ლენინგრადის სამხედრო ოლქში, შეიარაღებული ძალების რეფორმაზე გააკეთა კომენტარი. როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნულ ოლქში, ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს საზღვართან, 2009-2010 წლებიდა,ნ რუსეთის ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის „არნახული კონცენტრაცია შეინიშნება.”

ნატო-ს შიდა წერილის მიხედვით, „ლენინგრადის სამხედრო ოლქი ერთადერთია, სადაც შეიარაღებული ძალების რეფორმის ფარგლებში, ჯარების პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის გაზრდა მოხდა.” 2009 წელს, პირადი შემადგენლობა 16 500-დან 25 700-მდე გაიზარდა. წერილში, ასევე, ჩამოთვლილია მთელი სერია ჯარების მასშტაბური გადაადგილებებისა და აღნიშნულია, რომ ლუგის 26-ე სარაკეტო ბრიგადა, რომელმაც შეიარაღებაში ბირთვული ელემენტებით აღჭურვილი სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერები” მიიღო, პირველ საბრძოლო დანაყოფად იქცა. ხოლო მოსკოვის ოლქიდან სანკტ-პეტერბურგის სიახლოვეს გადაიტანეს სარაკეტო კომპლექსები ცე-300 და ცე-400, ასევე, გაძლიერებული ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფები, ხოლო 50%-ით გაზარდეს საზღვაო ფლოტის 336-ე ბრიგადის შემადგენლობა.

ასეთი კონცენტრაცია ადასტურებს იმ აზრს, რომ რუსეთს სურს, ჩრდილო-დასავლეთ ფლანგზე კუნთები აჩვენოს. რა თქმა უნდა, ნატო-ში არავინ ფიქრობს სერიოზულად, რომ რუსეთმა ბალტიისპირეთის საზღვართან ჯარების კონცენტრაცია დაიწყო, – ამბობს კორესპონდენტი ნატალი ნუგაირედი, მაგრამ მისი ინკოგნიტო რესპონდენტი, ევროპელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ “სიტუაცია პარადოქსულია. რუსული მხარე მუდმივად ამტკიცებს, რომ მისთვის უსაფრთხოების ნამდვილი პრობლემები აღმოსავლეთიდან მოდის, ჩინეთის გაძლიერებასთან ერთად, და არა დასავლეთიდან.”

ამასთან, წერილის ავტორი იმასაც იხსენებს, რომ რუსეთი 2007 წელს გავიდა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეთანხმებიდან და მოსკოვი აღარ თვლის საჭიროდ დაიცვას წესები, რომელიც მისი შეიარაღებული ძალების ჩრდილო-დასავლეთითა და კავკასიის რეგიონში გადაადგილებას განსაზღვრავდა.